პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის „არ დააყოვნებს“ მინისტრთა კაბინეტის პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენას მას შემდეგ, რაც განახლებული კაბინეტის სრული შემადგენლობა გახდება მისთვის ცნობილი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ 21 ივლისს გამოაცხადა. ეს შვიდ უწყებას ეხება, საიდანაც ორი მინისტრი თავის თანამდებობას შეიცვლის, ხოლო ხუთი დატოვებს კაბინეტის იმ შემადგენლობას, რომელსაც პარლამენტმა ნდობა ნოემბერში პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ამოქმედებული ახალი საკონსტიტუციო დებულებების შესაბამისად გამოუცხადა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი მინისტრების კანდიდატურებს ორი დღის ვადაში დაასახელებს.
„როგორც კი მექნება ახალი მინისტრების სია, მე ამ პროცედურას არ დავაყოვნებ“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომლის კომპეტენციაში შედის მთავრობის განახლებული შემადგენლობის პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენა, რისი საჭიროებაც იმის გამო დადგა, რომ კაბინეტში მინისტრების მესამედზე მეტი იცვლება.
„ჩემი ფუნქცია არის პარლამენტისთვის შეკითხვა ენდობა თუ არა პარლამენტი ამ სამთავრობო გუნდს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა, რომლის მოწვევაც მიმდინარე კვირაში იგეგმებოდა, გადაიდო.
„ბუნებრივია ჩვენ ამ ეტაპზე, ამ კვირაში აღარ ვნიშნავთ უშიშროების საბჭოს სხდომას ამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რომ არ გადავღალოთ ჩვენი პატივცემული მინისტრები, რომლებიც პარლამენტის წინაშე უნდა წარდგნენ“, – განაცხადა მარგველაშვილმა ბრიფინგზე.
„უშიშროების საბჭოს დავნიშნავთ მაშინვე, როგორც კი დამტკიცდება ან არ დამტკიცდება ახალი მთავრობა“, – დასძინა მან.
უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ნატოს უელსის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებით გეგმავს. გიორგი მარგველაშვილი სექტემბერში სამიტზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს.