Site icon Civil.ge

ხელისუფლებას სომხურ ეკლესიასთან მომხდარ დაპირისპირების ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი და სახალხო დამცველი ხელისუფლებას 19 ივლისს თბილისის “სურბ ეჩმიაძინის” ეკლესიასთან ორ ჯგუფს შორის მომხდარი დაპირისპირების ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ათი არასამთავრობო ორგანიზაცია 22 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მათ გამოიკითხეს ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე და შეისწავლეს კონფლიქტის ეპიზოდების ამსახველი ვიდეო-მასალა და პირველადმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეკლესიასთან  მომხდარი დაპირისპირების დროს „ჩანდა ეთნიკური სიძულვილის კონტექსტი, რაც ძირითადად ეთნიკური კუთვნილების გამო სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა, თუმცა, გამოვლენილი ძალადობის მიზეზებში ეთნიკური შუღლის ან მტრობის მოტივი არ დომინირებდა“.

„კერძო ხასიათის დავა, რომელიც შემდგომში მასშტაბურ აგრესიაში გადაიზარდა, უფრო მეტად ინციდენტში მონაწილე სომხური ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული, ვიდრე ზოგადად ეკლესიის ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელთა შორის ასევე იყვნენ ეთნიკურად სომეხი წარმოშობის პირები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, იდენტობა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიონორობის უმცირესობათა ქსელი და უმცირესობათა უფლებების ჯგუფი სამართალდამცავ ორგანოებს ყოველმხრივი და დროული გამოძიებისკენ,  მათ შორის გამოვლენილ ჯგუფურ ძალადობაზე ეთნიკური სიძულვილის გავლენის გამოკვლევისკენ მოუწოდებენ.

„მიგვაჩნია, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო სამართლებრივი რეაგირების პრაქტიკა, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ ბოლო პერიოდში რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების დროს გამოჩნდა, საზოგადოებაში შეუწყნარებელი განწყობებისა და დამოკიდებულების გაზრდას უწყობს ხელს და მომავალში მან შესაძლოა რელიგიური და ეთნიკური ხასიათის კონფლიქტების რისკები გააჩინოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ პროცესში სახელმწიფომ გაიაზროს  საკუთარი როლი და ადეკვატური სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებითა და ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადებებით აჩვენოს მისი მზადყოფნა დემოკრატიული, უსაფრთხო და შემწყნარებლური პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფისთვის. ამ მიმართებით სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს არმენოფობიურ განწყობების დაძლევასა და მისგან მომდინარე რისკების პრევენციას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის განცხადებაში.

სამართალდამცავებს ინციდენტის „ზედმიწევნით, ზუსტად და ეფექტურად“ გამოძიებისკენ ასევე მოუწოდა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 22 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში,  რათა „ამ ფაქტს არ მოყვეს სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა“.

„ის ურთიერთშეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური გამოხმაურება, რაც ამ ინციდენტს სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში მოჰყვა, საგანგაშოა და აუცილებელია ხელისუფლებამ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და მედიამ ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ ქვეყანაში შეუწყნარებლობის ახალი ტალღის აგორება“, – განაცხადა ნანუაშვილმა, რომლის თქმითაც, „დამნაშავე პირების სათანადოდ დასჯა ხელს შეუწყობს დისკრიმინაციული მოტივით მსგავსი ქმედებების ჩადენის პრევენციას“.

20 ივლისს, ინციდენტიდან მეორე დღეს გავრცელებულ განცხადებაში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ მომხდარი „ორგანიზებულ პროვოკაციად“ შეაფასა და განაცხადა, რომ „ეკლესიაზე მოხდა დაგეგმილი თავდასხმა, მოტივირებული ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის ნიშნით“.

„ინციდენტი გარკვეულწილად სომხების წინააღმდეგ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ტირაჟირებული სიძულვილის შედეგია, ასევე, სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლისაც“,  – განაცხადა ეპარქიამ და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს ნებისმიერი იმ ქმედების საჯარო დაგმობისკენ მოუწოდა, რომელიც „ეფუძნება ეთნიკურ და რელიგიურ სიძულვილს“, ხოლო ხელისუფლებას ყველა აუცილებელი ზომის მიღებისკენ, რათა „თავიდან აიცილოს საქართველოს საზოგადოების ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაყოფა“.

22 ივლისს საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა სომხური ეკლესიის წარმომადგენელთან.

„მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოიშვა და არ ატარებს რელიგიურ და ეთნიკურ ხასიათს, რასაც თითქმის ყველა არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იზიარებენ. თუმცა არიან ერთეული გამონაკლისები, რომლებიც არასწორ და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რაც სამწუხაროა“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

„საქართველოს ეკლესია გმობს აღნიშნულ ინციდენტს და დაპირისპირებაში მონაწილეთ სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. ამასთან იგი, როგორც ყოველთვის, შეეცდება ხელი შეუწყოს პრობლემების მოგვარებას და ქვეყანაში არსებული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთა მშვიდობიან თანაცხოვრებას", – აცხადებს საპატრიარქო.