Site icon Civil.ge

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას საპარლამენტო კომიტეტებში უსმენენ

მთავარობის განახლებული შემადგენლობა საპარლამენტო მოსმენებზე ქუთაისში პარასკევს და შაბათს წარდგება, რადგანაც პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადოს მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთი მინისტრი დაითხოვა, ხოლო ორი მინისტრი სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებად გადაიყვანა.

მინისტრებს დეპუტატები საკომიტეტო სხდომებზე უსმენენ, ხოლო პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი ოპოზიციური დეპუტატების წინაშე პარასკევს წარდგება ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს 15:00 საათზეა დაგეგმილი.     

პრემიერ–მინისტრისა და მისი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება შაბათს რიგგარეშე სესიის სხდომაზე იგეგმება.

განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, რასაც პარლამენტის წევრთა ხმების ნახევარზე მეტი სჭირდება, სავარაუდოდ რაიმე სირთულეები არ შეხვდება 150–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში, სადაც 84 მანდატი ქართულ ოცნებას ეკუთვნის.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე 21 ივლისს განაცხადა.

იმავე დღეს მან სოზარ სუბარი, რომელსაც სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობა ეკავა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად დაასახელა, რომელიც ამ თანამდებობაზე დავით დარახველიძეს შეცვლის.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი გახდება, რომელსაც ამ დრომდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 30 წლის შავლიაშვილი მანამდე ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხელმძღვანელობდა და ვიდრე 2012 წლიდან საჯარო სამსახურში დაიწყებდა მუშაობას, კერძო სექტორში სხვადასხვა კომპანიებს ხელმძღვანელობდა.

ის ამ თანამდებობაზე ელგუჯა ხოკრიშვილს შეცვლის, რომელიც ხათუნა გოგალაძისგან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პორტფელს გადაიბარებს. ხოკრიშვილი მთავრობის წევრი აპრილიდან გახდა, მანამდე მუნიციპალური განვითარების სახელმწიფო ფონდს ხელმძღვანელობდა.

დანარჩენი მინისტრები, რომელთაც ასევე დაკარგეს თანამდებობები დარახველიძესთან და გოგალაძესთან ერთად არიან: სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია; კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე. 

22 ივლისს პრემიერ–მინისტრმა გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრად დაასახელა; მას დეკემბრიდან ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. მღებრიშვილი 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო შემდეგ ფინანსურ პოლიციასა და შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე; 2012-13 წლებში ის საბაჟო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2013 წლის ნოემბრამდე მას რამდენიმე თვით შსს–ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ დანელია, აწ უკვე მოხსნილი მინისტრის, შალვა ფიფიას პირველი მოადგილე  დაწინაურდება. აპრილიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადასვლამდე, დანელია 2013 წლიდან შსს-ში მუშაობდა საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და შემდეგ მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელად. 2011 წლიდან ის კომპანია „სილქნეტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, მანამდე კი ბანკ რესპუბლიკაში მუშაობდა.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს გელა დუმბაძე დაიკავებს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრია 1998 წლიდან და კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა 2005-2007 წლებში. ის  საქართველოს საელჩოებში მუშაობდა აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა და უზბეკეთში. დუმბაძე დიასპორის საკითხებში აწ უკვე ყოფილი სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის მოადგილედ 2014 წლის ივნისში დაინიშნა.

სულ ბოლოს, 23 ივლისს პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინა. პროფესიით ეკონომისტი, მიხეილ გიორგაძე კომპანია "ისტერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერია, არის თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი, ლონდონის ,,BPR Production“-ის ხელოვნების მენეჯმენტის პროგრამის კონსულტანტი და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტის მრჩეველი.