Site icon Civil.ge

მთავრობა საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა, როგორც „არაკონსტრუქციული“ და „არაჯანსაღი“ ძალა, მას შემდეგ, რაც ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ყველანი, რომ საქართველოს პარლამენტში არ არსებობს კონსტრუქციული ოპოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ იმ აბსურდულ კითხვებზე და სრულიად გაუგონარ და დაუსაბუთებელ შეკითხვებზე მოგვიწია პასუხების გაცემა, ჩვენ ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ვიკისრეთ საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი ქვეყნის წინაშე. და მე პატივს ვცემ პარლამენტს, როგორც სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს და პატივს ვცემ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს მოსმენების შემდეგ, „მე მგონი კიდევ ერთხელ საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდა, თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე, რამდენად არაკონსტრუქციულ, არაჯანსაღი ადამიანებისგან დაკომპლექტებულ პოლიტიკურ ძალასთან“.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან და პრემიერ-მინისტრთან საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მოსმენების ფარგლებში გაიმართა 25 ივლისს, როცა ასევე შედგა მინისტრობის კანდიდატების მოსმენები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე – ეს პროცედურები 26 ივლისს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვით გრძელდება.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან შეხვედრა იმ მოსმენებს წააგავდა, რომელიც ანალოგიურ ფორმატში თითქმის რვა თვის წინ გაიმართა, როცა ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად ამტკიცებდნენ. ღარიბაშვილი ხშირად თავს არიდებდა, როგორც თავად აცხადებდა, „აბსურდულ“ და „დემაგოგიურ“ კითხვებსა და ბრალდებებზე პასუხის გაცემას.

მისი გახსნითი სიტყვა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა შეაფასეს, როგორც „თვითკმაყოფილებით“ აღსავსე. „შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აბსოლუტურად სხვა ქვეყანაზეა ლაპარაკი“, – განუცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა პრემიერ-მინისტრს.

კითხვების ნაწილის ადრესატები იყვნენ შეხვედრაზე წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატები, მათ შორის მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში შეაქო კრიმინალის 17%-იანი შემცირების და ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიის ამოღების გამო.

29 წლის ჭიკაიძე ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ განხილვად ფიგურად იქცა სოციალურ ქსელებში, რაც ძირითადად, საპარლამენტო მოსმენების დროს მისი გამონათქვამების გაქილიკებაში გამოიხატებოდა.  ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა, ჭიკაიძეს სურდა ეთქვა, რომ 2013 წლის დასაწყისში კრიმინალის ზრდის მიუხედავად, კრიმინოგენული ვითარება ახლა კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სანაცვლოდ მან თქვა: „კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია“.

ბრალდებაზე იმის შესახებ, რომ მთავრობა დაეხმარა უკრაინიდან დეპორტირებულ კანონიერ ქურდს დაპატიმრების გარეშე დაეტოვებინა ქვეყანა, ჭიკაიძემ უპასუხა, რომ ეს გამორიცხული იყო; როცა მას ამ საკითხზე კიდევ კითხეს, უპასუხა, რომ უკვე გასცა „ამომწურავად“ პასუხი; ჭიკაიძემ ასევე განაცხადა, რომ პირადად ის არის იმის გარანტი, რომ კანონიერ ქურდებთან ბრძოლა გაგრძელდება. იგივე შეკითხვაზე პასუხისას პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2013 წელს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 70 ადამიანი იქნა დაკავებული, მაშინ როცა ანალოგიური ბრალდებით 2011 წელს მხოლოდ 10 პირი დააკავეს. როცა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ ეს თემა კვლავ წამოწია და ხელისუფლება ციხეში წესრიგის შენარჩუნებისთვის კანონიერი ქურდების გამოყენებაში დაადანაშაულა, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს ბრალდებები იმ ადამიანისაგან, რომელსაც მისი თქმით, თავად ჰქონდა და დღესაც აქვს კავშირები კანონიერ ქურდებთან, პასუხსაც კი არ იმსახურებს.  

კითხვაზე, თუ რატომ ინარჩუნებდნენ ეკონომიკური ბლოკის მინისტრები თავიანთ თანამდებობებს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შენელებაა და 2013 წელს ბიუჯეტს შემოსავლების დააკლდა, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა  მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო თვეების დადებითი ეკონომიკური მაჩვენებლები წარმოადგინა, უპასუხა, რომ ნაციონალური მოძრაობის ბრალდებები ეკონომიკური პრობლემების თაობაზე კიდევ ერთი „დემაგოგიური“ რიტორიკაა.

„მოსახლეობას, რა თქმა უნდა, თქვენი დემაგოგიის არ სჯერა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ გასული წლის ეკონომიკური ზრდის შენელება პოლიტიკური კოჰაბიტაციით და ნაციონალური მოძრაობის რიტორიკით იყო გამოწვეული, რაც, მისი თქმით, უარყოფით გავლენას ახდენდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე.

როდესაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა იმ საქმეთა გრძელი სია წაიკითხა, რომელიც, მისი თქმით, „შერჩევითი სამართლის“ არსებობას და სამართალდამცავი სტრუქტურების „პოლიტიზირებას“ ადასტურებს, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა უპასუხა: „მე მინდა შეგახსენოთ თქვენი ხელისუფლების დროს ჩადენილი რამდენიმე ძირითადი დანაშაული – ნაწამები და გაუპატიურებული პატიმრები, დანგრეული ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა, დაკარგული ტერიტორიები“.

„ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც ჩვენ გვერგო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „თქვენი ეს ჩამონათვალი არის უბრალოდ სასაცილო და რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ არ ვაპირებთ პასუხის გაცემას. ეს არის ძალიან კარგად აპრობირებული მეთოდი და ნაცადი ხერხი, რომ აბსურდულ ფაქტებზე მოითხოვოთ ჩვენგან კომენტარი; ამას თქვენ ვეღარ მიიღებთ ჩვენგან. გირჩევთ, რომ რეალურ ფაქტებზე ვიმსჯელოთ“.

ღარიბაშვილმა უკომენტაროდ დატოვა, როდესაც დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ ჰკითხა მას ამის საპასუხოდ: „რომელ რეალურზე? ეს არ არის რეალური? ამ ადამიანს [დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე მითითებით] იტაცებდნენ და ცემდნენ?“   

ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მაღალი პრემიების მიღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის თქმით, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უპასუხა, რომ 2013 წელს ხელისუფლების წარმომადგენლების პრემიებზე 11.6 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე 2012 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში.

ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის პრემიების გაცემა „მორალურად“ გამართლებული იყო, რადგანაც მაშინ ბიუჯეტის გარღვევას არ ჰქონდა ადგილი.

გაიხსენა რა ბეჟაშვილის მუშაობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა უთხრა მას, რომ ის თვალს ხუჭავდა საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე და სათანადოდ არ ამოწმებდა სახელმწიფო დაწესებულებებს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო.

„თქვენ გჯერათ, რომ ნამდვილად იყავით კონტროლის პალატის თავმჯდომარე?“, – ჰკითხა ირონიულად ღარიბაშვილმა ბეჟაშვილს.

„მე შემხვედრი კითხვა მექნება – თქვენ მართლა გგონიათ, რომ პრემიერ–მინისტრი ხართ?“ – შეაგება ბეჟაშვილმა.  

„თქვენი ამგვარი დემაგოგიით და სპეკულაციებით ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, იქნება აბსოლუტურად ფორმალური და არაფრის მომცემი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და სწორედ ამ მიზნით, გესაუბრებით ისე, როგორც იმსახურებს საქართველოს დეპუტატი და არა ისე, როგორც თქვენ იმსახურებთ, ბატონო ლევან“, – უპასუხა ღარიბაშვილმა.