პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება „მრავალმილიონიანი“ სავაჭრო-სამრეწველო კომპლექსის მშენებლობა სეპარატისტული აფხაზეთის სიახლოვეს მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში.
„სოფელ რუხში ვიწყებთ თანამედროვე, მრავალმილიონიანი სავაჭრო–სამრეწველო კომპლექსის მშენებლობას, რომლითაც ისარგებლებენ, როგორც სამეგრელოს მოსახლეობა, ასევე ჩვენი აფხაზი ძმები“, – განაცხადა მან 26 ივლისს პარლამენტის სხდომაზე განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების განხილვების ფარგლებში.
მთავრობა განიხილავს სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მეტი ჩართულობისთვის როგორც ცხინვალის რეგიონის, ისე აფხაზეთის მიმართულებაზე გამყოფი ხაზების სიახლოვეს სავაჭრო ცენტრების მშენებლობის შესაძლებლობას.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა 25 ივლისს მთავრობის განხილვების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, ამ საკითხზე ექსპერტები მუშაობენ და რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა იმის დასადგენად, „ღირს თუ არ ღირს ანუ იმუშავებს თუ არ იმუშავებს ამ ტიპის სავაჭრო ცენტრები“.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მისაღებად „პოლიტიკური ნება“ არსებობს.
„გადაწყვეტილება მიღებული არ არის, გადაწყვეტილება დამოკიდებულია ექსპერტების მუშაობაზე“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ "პირდაპირი გაგებით" საუბარი არ არის ერგნეთის ბაზრობის ტიპის სავაჭრო შესაძლებლობებზე.
2004 წლის ივნისამდე ცხინვალის რეგიონის სიახლოვეს, გორის რაიონის სოფელ ერგნეთში ბაზრობა ფუნქციონირებდა, სადაც ერთმანეთთან ვაჭრობაში ადგილობრივი ქართული და ოსური მოსახლეობა იყო ჩართული. თუმცა ვინაიდან ეს ბაზრობა კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობის მთავარ ცენტრად განიხილებოდა, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ბაზრობა დახურა, რამაც საბაჟო შემოსავლების ზრდა განაპირობა. ამ ეფექტის მიუხედავად, ზოგიერთები აცხადებდნენ, რომ ბაზრობის დახურვამ დადებითზე მეტი უარყოფითი შედეგი მოიტანა, მათ შორის იმის გამოც, რომ გაწყდა ურთიერთობები ქართველ და ოს მოსახლეობას შორის.