Site icon Civil.ge

ავარიის გამო საქართველო სომხეთიდან და თურქეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მარაგდება

ქვეყნის დიდი ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი, კვირას ღამით ორსაათნახევრის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ელექტროგადამცემ ხაზზე ავარია მოხდა.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის „კოლხიდა-2“ და ელექტროგადამცემი ხაზის „პალიასტომი-1“, ასევე იმერეთის მაღალი ძაბვის  500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გათიშვის გამო თითქმის მთელი ქვეყანა, გარდა აჭარისა და სამეგრელოს რეგიონის ნაწილისა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ორშაბათს გამთენიისთვის უკვე შეაკეთეს 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „კოლხიდა-2“, თუმცა დანარჩენი ორი ხაზის შესაკეთებლად სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, რისი დასრულებაც, ოფიციალური ინფორმაციით, ორშაბათს საღამოსთვისაა ნავარაუდები.

ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ღამის 1 საათზე მას შემდეგ მოხერხდა, რაც სომხეთიდან და თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველმა სულხან ზუმბურიძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა „მეგობარ სახელმწიფოს, სომხეთს“  და თავის სომეხ კოლეგას იმისთვის, რომ „გუშინ ძალიან დიდი დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს“, სადაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე ყველაზე დიდი ავარია მოხდა.

მაღალი ძაბვის  500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი მარტვილში დაზიანდა, რისი სავარაუდო მიზეზიც კლიმატური პირობების გაუარესებაა, თუმცა „ყველა შესაძლო კითხვის ნიშნის გამოსარიცხად პროცესში ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოები“, განაცხადა ენერგეტიკის სამინისტრომ.