Site icon Civil.ge

ხურჩის ინციდენტის საქმეზე განაჩენი გამოტანილია

თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ივლისს შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო ტერორისტული აქტის ჩადენაში, თუმცა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას ოთხი წლით და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა სროლებისა და აფეთქების იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც სოფელ ხურჩაში 2008 წლის 21 მაისს მოხდა.

მაშინ ინციდენტში, რომლის დროსაც რამდენიმე სამოქალაქო პირი დაიჭრა, საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ აფხაზური მხარე დაადანაშაულა; თუმცა, გაეროს დამკვირვებლების დასკვნებმა, რომლებიც იმ დროს ადგილზე სიტუაციას აკვირდებოდნენ, მოვლენების განვითარების ქართული ვერსია ეჭვქვეშ დააყენა.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლიდან ერთ წელიწადში, რომან შამათავა და შსს–ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია 2013 წლის ოქტომბერში ტერორიზმის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ განაცხადა, რომ შამათავამ და მურღულიამ შსს-ს „სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად“, ორგანიზება გაუკეთეს და განახორციელეს ტერორისტული აქტი არჩევნების დღეს „მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით“.

ერთი თვის შემდეგ მურღულია გირაოთი გაათავისუფლეს და ბრალის აღიარების შემდეგ პროკურატურამ მასთან საპროცესო გარიგება გააფორმა და მას პირობითი სასჯელი შეეფარდა.

შამათავამ, რომელიც უარყოფდა მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ტერორისტული აქტის ჩადენაში, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამრთლემ 30 ივლისს შამათავა დამნაშავედ ცნო „ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში“.

პროკურატურამ განაცხადა, რომ „მას შემდგომ, რაც ბრალდების მხარე ჩაიბარებს განაჩენის სამოტივაციო ნაწილს, აუცილებლად მოხდება მისი სააპელაციო წესით გასაჩივრება“.