Site icon Civil.ge

აბაშიძე: რუსეთის მიერ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეჩერება ‘ტრაგედია’ არ არის

რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე თბილისისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ეს არც „ტრაგედია“ არ იქნება, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

„ეს იყო მოსალოდნელი; ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავდით, როდესაც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისკენ მივდიოდით“, – განუცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ 31 ივლისს.

„არა მგონია, რომ ეს რაღაც ტრაგედია იყოს“, – განაცხადა მან.

აბაშიძემ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, ქართულ ექსპორტს რუსეთში გააძვირებს, რის შედეგადაც ზოგიერთ ქართულ  პროდუქტს გაუძნელდება კონკურენციის გაწევა რუსულ ბაზარზე.

„ნაწილი ჩვენი პროდუქციისა ალბათ გაძვირდება რუსეთის ბაზარზე; რაღაც ტარიფები გაიზრდება, რაღაც შეიძლება გადაიხედოს ნაწილობრივ, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩვენ არც ვხედავდით ამაში თავიდანვე რაღაც დიდ ტრაგედიას“, – განაცხადა მან.

„უნდა შევეჩვიოთ ამას. როდესაც მივდივართ იმაზე, რომ ვუახლოვდებით ევროპულ სტანდარტებს, გვინდა, რომ ვიყოთ ევროპის ეკონომიკური სივრცის ნაწილი, უნდა ვიყოთ მზად, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა აბაშიძემ.   

მან განაცხადა, რომ რუსეთის ამ გადაწყვეტილებაში „პოლიტიკური ელემენტი“ არის, თუმცა დასძინა, რომ მოსკოვს საკუთარი არგუმენტები გააჩნია თავის წუხილებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის გამო.

7 ივლისს ქართველ და რუს ტექნიკურ ექსპერტებს შორის პრაღაში კონსულტაცია გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რუსეთ–საქართველოს ვაჭრობაზე პოტენციური გავლენის თაობაზე.

„ჩვენი ხედვა ასეთი იყო, რომ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან ხელს არ უშლის, რომ ასეთი პრივილეგირებული სავაჭრო ურთიერთობები შეგვენარჩუნებინა რუსეთთან; როგორც ჩანს, იქ ასე არ ხედავენ“, – განაცხადა აბაშიძემ.

ქართველმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ქართველი ბიზნესმენებისთვის, რომელთაც ერთხელ უკვე გამოსცადეს საკუთარ თავზე რუსული ემბარგო, არ უნდა იყოს მოულოდნელი ის, რომ რუსეთმა შეიძლება ერთ დღეს „თამაშის წესები შეცვალოს“. 

„შეიძლება გარკვეული ზარალი განიცადოს ჩვენმა ბიზნესმა, მაგრამ ჩვენი გათვლები ისეთია, რომ განსაკუთრებულ ტრაგედიას არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა აბაშიძემ.

საქართველოს ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის პირველ ნახევარში 134 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 3.2–ჯერადი ზრდაა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

„საქსტატის“ ინფორმაციით, რუსული ბაზრის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 2014 წლის პირველ ნახევარში 9.4% შეადგინა. 

ზრდა ძირითადად ქართული ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტმა განაპირობა, რაც 2013 წლის გვიან გაზაფხულამდე აკრძალული იყო რუსეთის მიერ.