პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
პროკურატურის და თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსპიკერებმა განაცხადეს, რომ სასამართლო მოსმენა პროკურატურის შუამდგომლობის თაობაზე 19:00 საათზე იგეგმებოდა. თუმცა, მოგვიანებით მოსმენა 20:00 საათზე გადაიტანეს.
სააკაშვილს „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში“ ედება ბრალი. საქმე ეხება მისი პრეზიდენტობის დროს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“.
ექს–პრეზიდენტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ქმედებას, ჩადენილს არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
სააკაშვილმა, რომელმაც საქართველო 2013 წლის ნოემბერში, მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ დატოვა, უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი იმავე საქმეზე სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც წარედგინათ, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, რომელიც 2007 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; ზურაბ ადეიშვილს, რომელიც 2007 წელს გენერალური პროკურორი იყო; მაშინდელ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს და მაშინდელ თბილისის მერს გიგი უგულავას.