პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თავმჯდომარეობით 1 აგვისტოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც ნატოს სექტემბრის სამიტისთვის მზადების საკითხების განხილვის მიზნით იქნა მოწვეული.
სხდომას არ დასწრებია პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, პრემიერ–მინისტრმა თავდაპირველად მას დაუდასტურა, რომ აპირებდა სხდომაზე დასწრებას.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა სხდომის შემდეგ: „გამიხარდებოდა, რომ ყოფილიყო“.
ეს უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა იყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მარგველაშვილი ნოემბერში თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი თავმჯდომარეობს, პრაქტიკულად ჩაანაცვლა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ, რომელიც გასული წლის ბოლოს ჩამოყალიბდა და რომელსაც პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს.
დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა; საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ; თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ; ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა; სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა; პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა და საქართველოს ელჩმა ნატოში ლევან დოლიძემ.
პრეზიდენტი მარგველაშვილი სექტემბერში უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება.
ივნისში გამართულ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ ნატოს მომავალი სამიტის დღის წესრიგში საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების საკითხი არ შევა და სანაცვლოდ ისინი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს „არსებითი პაკეტი" შესთავაზონ, რომელიც ქვეყანას ალიანსთან შემდგომ დაახლოებაში დაეხმარება.
„საქართველოს მიდის უელსის სამიტზე ძალიან მომზადებული იმიტომ, რომ ნატოს კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ ის რეფორმები, რომლებიც გატარდა თავდაცვის სისტემაში და აგრეთვე დემოკრატიული რეფორმები საქართველოში არის ძალიან პოზიტიურად დაძლეული; თუმცა ძალიან ბევრია სამუშაო. დღეს ჩვენ გვქონდა საქმიანი, დეტალური საუბარი ნატოს სამიტთან მიმართებაში, ასევე საქართველოს დელეგაციის მუშაობასთან დაკავშირებით სამიტამდე“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მინისტრებმა პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდეს მთავრობის მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ და რა ღონისძიებებია დაგეგმილი, „რათა მაქსიმალური შედეგი წამოვიღოთ“ ნატოს სამიტიდან.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წამოვიღოთ მაქსიმალურად ძლიერი თანამშრომლობის პაკეტი, რაც უნდა გულისხმობდეს ყველა იმ ელემენტს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და გულისხმობს ხელშესახებ პროგრესს ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.