პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 1 აგვისტოს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო, რამაც „შესაძლოა შერჩევითი სამართლის სახე ქონდეს“.
„ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცედურების წარმოება დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა. თითოეული მოქალაქე ანგარიშვალდებული უნდა იყოს თავის ქმედებებზე, მიუხედავად მისი თანამდებობისა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებით არაჯანსაღი გარემო, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ჭარბობდა, იწვევს შეშფოთებას რომ პოლიტიკური შურისძიების სურვილი გავლენას მოახდენს შესაბამის სამართალებრივ პროცედურებზე და საგამოძიებო ღონისძიებების ობიექტურობაზე, რამაც შესაძლოა შერჩევითი სამართლის სახე მიიღოს“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
„ეს არ იქნებოდა მისასალმებელი, განსაკუთრებით საქართველოში დღეს არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, და არ შეუწყობდა ხელს ქვეყანას თავისი ამბიციების განხორციელებაში. მზარდი დაძაბულობა შიდა პოლიტიკაში საქართველოს კიდევ უფრო გაურთულებს ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ის ყურადღებით დააკვირდება შემდგომ მოვლენებს იმ იმედით, რომ „ქართული მხარე სიფრთხილეს გამოიჩენს და დაიცავს კანონის უზენაესობის პრინციპებს“.