ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელსაც სასამართლომ დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, „უარყოფითად აისახება“ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.
„ამით საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლებას აფრთხილებდა ჩვენი ყველა სტრატეგიული მოკავშირე – პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი“, – განაცხადა ბაქრაძემ 2 აგვისტოს.
„ეს ნაბიჯი [წინასწარი პატიმრობის შეფარდება], გამთლიანების და გაერთიანების მაგივრად, მოიტანს მეტ დაპირისპირებას და მეტ პოლარიზაციას“, – განაცხადა მან.
„ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ ფორმირდება ახალი მსოფლიო წესრიგი; როდესაც უკრაინის მოვლენების და სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ჩვენ თვალწინ ჩნდება ახალი წყალგამყოფი, რომლის ერთ მხარეს დგას დემოკრატიული მსოფლიო, ხოლო მეორე მხარეს დგას რუსეთი. ამ დროს საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯს, რომლის წინააღმდეგაც მას დაჟინებით აფრთხილებდნენ ჩვენი მთავარი მოკავშირეები“, – განაცხადა ბაქრაძემ.
„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირეებისგან გადაგვიყვანს წყალგამყოფის მეორე მხარეს, იქ სადაც არის რუსეთი“, – განაცხადა მან.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი აღმოჩნდა არა ის, რომ ყველაფერი გაეკეთებინა ევროკავშირთან და აშშ–თან ურიერთობის გასაღრმავებლად… არამედ საკუთარი პოლიტიკური დევნის ამოცანა, თუნდაც იმ ფასად, რომ ამ ამოცანის შესრულებამ დაგვაკარგინოს და საფრთხე შეუქმნას მოკავშირეებთან ჩვენ ურთიერთობას“, – განაცხადა ბაქრაძემ.
„ეს არის ის, რის შედეგსაც იგრძნობს საქართველოს თითოეული მოქალაქე. ეს არის ის, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე“, – განაცხადა მან.
„ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხელისუფლების ვერც ერთმა უგუნურმა და გაუაზრებელმა ნაბიჯმა საფრთხე ვერ შეუქმნას საქართველოს ევროპულ და დასავლურ მომავალს“, – დასძინა მან.