პარლამენტმა 1 აგვისტოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე დადგენილება მიიღო, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას ომბუდსმენის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების გარკვეული ნაწილის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
დადგენილების მიღებას წინ უძღოდა ივლისში სახალხო დამცველის ანგარიშის დეტალური განხილვა ადამიანის უფლეფლებათა საპარლამენტო კომიტეტის რამოდენიმე სხდომაზე, ხოლო 31 ივლისს ანგარიში პარლამენტის სხდომაზე განიხილეს, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გააკრიტიკეს და მას ქართული ოცნების სასარგებლოდ მიკერძოებაში დასდეს ბრალი. ნანუაშვილმა უპასუხა, რომ ის პოლიტიკურ დებატებში ჩართვას არ აპირებს, რადგანაც ზოგიერთ დეპუტატს „პოლიტიკურ დემაგოგიაში“ მაინც ვერ აჯობებს.
სახალხო დამცველის რეკომენდაციებს შორის არის წინადადება დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე, რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის სავარაუდო საქმეებზე შეტანილ საჩივრებს განიხილავს.
ეს წინადადება იმ რეკომენდაციას ეხმაურება, რომელიც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარბერგის ბოლო ანგარიშშია წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც „სამართალდამცავი სტრუქტურების ზედამხედველობის საკითხი კვლავ პრობლემურია“.
„საჭიროა საჩივართა განხილვის დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმის შექმნა, რომელსაც მოქალაქეები მიმართავენ და ეცოდინებათ, რომ მათ საქმეს სათანადოდ განიხილავენ. ეს ეხება არა მხოლოდ პოლიციას, არამედ ციხის პერსონალსა და პროკურორებსაც“, – ნათქვამია ჰამარბერგის ანგარიშში. „ჯერ კიდევ ხშირია შემთხვევები, როცა გენერალური ინსპექცია, დანაშაულის არსებობის ეჭვის მიზეზით, პროკურატურას უგზავნის საქმეებს, ხოლო პროკურატურა ამ საქმეებს ისევ უკან აბრუნებს. ეს პრაქტიკა ამყარებს სისტემისადმი ამჟამინდელ უნდობლობას“.
სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებულ დადგენილებაში ნათქვამია რომ ეს ინიციატივა „საყურადღებოა“; დადგენილება მოუწოდებს, რომ გაგრძელდეს მუშაობა მთავრობასთან ამ ინიციატივაზე.
ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ ეს რეკომენდაცია სწორედ ის არის, რაც ახლა სახელმწიფოს სჭირდება და დასძინა, რომ ახალი სტრუქტურის შექმნის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა სამართალდამცავი სტრუქტურების გენერალური ინსპექციების გაუმჯობესებაზე მოხდეს მეტი ფოკუსირება.
სხვა რეკომენდაციებში დადგენილება მოუწოდებს სასჯელაღსრულების სამინისტროს გააუმჯობესოს და უზრუნველყოს პატიმართა მეტი უფლებები მათი ერთი საპყრობილედან მეორეში გადაყვანის პროცედურების დროს და გააუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში. იმავე სამინისტროს ასევე მოუწოდებენ უზრუნველყოს მეტი მექანიზმები სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის დროს.
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად 2013 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში „არ დაფიქსირებულა წამების ფაქტი და მნიშვნელოვნად შემცირდა სისტემაში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი. თუმცა, წლის ბოლოს იმატა განცხადებებმა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.“ მან ასევე აღნიშნა, რომ „საგანგაშოა“ საანგარიშო პერიოდში რამდენიმე პატიმრის გარდაცვალების გარშემო არსებული გარემოებები. მან ასევე განაცხადა, რომ გაუმჯობესება შეინიშნება სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის მომსახურებაში, თუმცა დასძინა, რომ მეტი ფინანსური რესურსია საჭირო კვლავაც არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
დადგენილება მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას მხოლოდ მაშინ მიმართოს, როდესაც ამას კანონი ითვალისწინებს. მართალია დადგენილება არ აკონკრეტებს, მაგრამ აქ აშკარა მინიშნებაა გაკეთებული სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურები იმ შემთხვევების გამოა გაკრიტიკებული, როდესაც ჩეჩენი წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები საზღვარზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ ყოველგვარი განმარტების გარეშე.
პარლამენტის დადგენილება ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზედმიწევნით და ეფექტურად გამოიძიოს რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ძალადობის შემთხვევები, რომელსაც 2012–2013 წლებში ჰქონდა ადგილი – საქმე ეხება რამდენიმე სოფელში მუსლიმი თემებისთვის ლოცვების ჩატარების ხელის შეშლას.
დადგენილება მოუწოდებს პროკურატურას გამოიძიოს 2012 წლის ლოპოტას ხეობის სპეცოპერაცია. დადგენილება ასევე მოუწოდებს პროკურატურას გააქტიუროს გამოძიება 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 6 მაისს, 2009 წლის 15 ივნისს და 2011 წლის 26 მაისს „ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების ფაქტებზე.“ დადგენილება ასევე მოუწოდებს პროკურატურას „ეფექტურად“ და „შემჭიდროებულ ვადებში“ გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეები.
პარლამენტის 31 ივლისის სხდომის დროს ოპოზიციური დეპუტატების კრიტიკის დიდი ნაწილი მიმართული იყო იქითკენ, რომ, როგორც ისინი აცხადებდნენ, ომბუდსმენი თავს იკავებს ისეთი ტერმინების გამოყენებისაგან, როგორიცაა შერჩევითი სამართალი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი დეპუტატი ეუბნებოდა ნანუაშვილს, რომ იმ დროს, როდესაც მის ანგარიშში საკმაოდ კარგად იყო აღწერილი კონკრეტული შემთხვევები, სადაც ხელისუფლების მიერ „შერჩევითი სამართლის“ გამოყენება ჩანდა, თავად სახალხო დამცველი თავს არიდებდა ამ შემთხვევებისთვის პირდაპირ დაერქმია „შერჩევითი სამართალი“.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა უთხრა სახალხო დამცველს, რომ შერჩევითი სამართალია, როდესაც ხელისუფლება არ იძიებს 2013 წლის ივნისში ფინანსური პოლიციის მიერ თბილისის მერიის ოცზე მეტი თანამშრომლის უკანონო დაკავების საქმეს (რაც ასევე ასახულია სახალხო დამცველის ანგარიშში), თუმცა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას ახორციელებს.
პოლიტიკურად მოტივირებული დევნის თაობაზე ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გამჭირვალე სასამართლო პროცესები და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.
„როდესაც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების პროცესები მიმდინარეობს და სისხლის სამართლებრივი დევნა არსებობს, რა თქმა უნდა, რისკი არსებობს, რომ ეს აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა ნანუაშვილმა, „სასამართლოს გამოაქვს რიგ შემთხვევაში გამამართლებელი, რიგ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენები. ამიტომაც, თუ ეჭვი გვეპარება რომელიმე გამამტყუნებელი განაჩენის ობიექტურობაში, ასევე გამამართლებელი განაჩენის ობიექტურობაშიც უნდა შეგვეპაროს ეჭვი ამ ლოგიკით“.
„როდესაც საუბარია კონკრეტულ ფაქტებზე ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივი ტერმინებით და პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური მოტივაციის შესახებ შეფასებებს ვერ გავაკეთებთ, თუკი არ იყო რაიმე შესაბამისი მტკიცებულებები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტის დოკუმენტირება მოხდეს, ამ ფაქტების გაანალიზებამ შესაძლოა მიგვიყვანოს იქითკენ, რომ მოხდეს პრობლემის დანახვა, თუ ეს პრობლემა არის სისტემური. პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური მოტივაცია რამდენად არსებობს, ამას სახალხო დამცველი ვერ შეაფასებს. ამას შეაფასებენ პოლიტიკოსები ალბათ, თუ ასეთი არსებობს“, – განაცხადა ნანუაშვილმა, რამაც დარბაზში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების პროტესტი გამოიწვია.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა უთხრა ნანუაშვილს, რომ მისი განცხადებები მმართველი კოალიციის სასარგებლოდ მის პოლიტიკურ მიკერძოებას ადასტურებს. წიკლაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებს „ქართული ოცნების დამცველის ანგარიში“ უნდა ეწოდოს.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა სახალხო დამცველი იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომ 2013 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით წინა წელზე უკეთესი იყო. „გამაოგნა იმ შეფასებამ, რომ შედარებით მშვიდად ჩაიარა 2013 წელმა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. ეს ცოტა არ იყოს გაურკვეველი შეფასება იყო ჩემთვის“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ უთხრა სახალხო დამცველს: „ანგარიში არ არის ცუდად დაწერილი… განსხვავებით თქვენი გამოსვლისგან, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო აწყობილი იმაზე, რა ესიამოვნება ხელისუფლებას და რა არ ესიამოვნება“.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების კრიტიკის საპასუხოდ, ნანუაშვილმა განაცხადა თავის დასკვნით სიტყვაში: „მე არ ვაპირებ ყველა ფრაზას გამოვეხმაურო, რაც აქ იყო ნათქვამი. ვერ შევალ პოლიტიკურ დებატებში – ეს არც არის ჩემი მოვალეობა და არც ვაპირებ. პირდაპირ ვამბობ, რომ ვერ ვაჯობებ ზოგიერთს პოლიტიკურ დემაგოგიაში“.
„სამწუხაროდ, დღეს უფრო მეტად პოლიტიკური შოუს ელემენტები სჭარბობდა. მე მქონდა მოლოდინები, რომ დღეს იქნებოდა კითხვები უფრო მეტად ადამიანის უფლებებზე; იქნებოდა კითხვები, თუ რას ვუპირებთ იმ 7000 უსახლკაროს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიაშია დაფიქსირებული; რას ვფიქრობთ ბავშვთა უფლებებზე; იქნებოდა კითხვები ბავშვთა სიკვდილიანობაზე, რომლითაც ერთ–ერთ პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში; იქნებოდა კითხვები ქალთა მიმართ ძალადობაზე; შეუწყნარებლობის გამოვლენის ფაქტებზე, შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნანუაშვილმა.
„ამის ნაცვლად, სამწუხაროდ მხოლოდ ‘პოლიტიკური დევნა’, ‘პოლიტიკურ დევნა’, ‘შერჩევითი სამართალი’ მესმოდა სხვადასხვა ბრუნვაში. დიახ, შეშფოთებას გამოთქვამენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ არ იყოს შერჩევითი სამართალი, რომ არ იყოს პოლიტიკური დევნა; ჩვენც, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ შეშფოთებას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს გამჭირვალე პროცესი და მაქსიმალურად ყველა იყოს ჩართული და მოხდეს დაკვირვება ამ საქმეებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.
„რამდენად დამოუკიდებელია სახალხო დამცველი, ამ კითხვას პასუხს ადვილად სცემს ის საქმეები, ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რასაც ხედავს საზოგადოება, რასაც ხედავს ხალხი და ხედავენ საერთაშიროსი ორგანიზაციები“, – განაცხადა ნანუაშვილმა.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც 2013 წლის მოვლენებს ასახავს, ნათქვამია, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის აპარატს სახელმწიფო უწყებებს შორის „ყველაზე ობიექტურ“ უფლებადამცველ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
„მართალია სახალხო დამცველის აპარატი ძირითადად ხელისუფლების ჩარევის გარეშე მოქმედებდა და მისი მუშაობა ეფექტურად იქნა მიჩნეული, სახალხო დამცველი იტყობინებოდა, რომ ხელისუფლება ზოგჯერ ნაწილობრივ ან საერთოდ არ პასუხობდა მის კითხვებს და რეკომენდაციებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.