Site icon Civil.ge

სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ძალაში დარჩა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 აგვისტოს დაუშვებლად ცნო ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობის შეფარდების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 2 აგვისტოს სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საქმეზე, რომელიც ეხება მისი პრეზიდენტობის დროს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“.  სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის ადვოკატმა ზემდგომ ინსტაციაში გაასაჩივრა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ კაპანაძემ სარჩელი დაუშვებლად ცნო.

სააკაშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა; მისი თქმით, სასამართლო, როგორც წესი, პოლიტიკურ კონიუნქტურას ემორჩილება, როდესაც საქმე გახმაურებულ პოლიტიკურ საქმეებს ეხება.

5 აგვისტოს პროკურატურამ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალდებები წაუყენა 2005 წელს მაშინდელ ოპოზიციურ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.