ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 7 აგვისტოს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები „ექსპორტის ხელშეწყობას“ და „ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას“ ისახავს მიზნად.
ერთ–ერთი შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, როგორც მინისტრმა განაცხადა, შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურება თავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან.
„ზოგიერთ შემთხვევაში უცხოელებს საქართველოში შემოაქვთ ნედლეული. ხდება ქართული საწარმოების მიერ ამ ნედლეულის გადამუშავება, მათთვის სასაქონლო საბოლოო სახის მიცემა და უკან ექსპორტზე გატანა“, – განაცხადა ხადურმა. „ნებისმიერი ექსპორტი საქართველოში გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, მაგრამ კონკრეტულად ეს მომსახურება არ იყო გათავისუფლებული. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საშუალებას გვაძლევს, რომ წავახალისოთ ასეთი ტიპის საწარმოების ფუნქციონირება. ამიტომ, შემოვდივართ წინადადებით, რომ ეს პროცესი გათავისუფლდეს დღგ–სგან“.
„მაგალითისთვის მოგიყვანთ: ადგილობრივი საწარმო, რომელიც შიდა გადამუშავების რეჟიმში მომსახურებას გაუწევს უცხოურ კომპანიას, ან თუ უკერავს ტანსაცმელს და სხვა, და შემდეგ დამზადებული ტანსაცმელი გავა ექსპორტზე, მომსახურება, რომელიც გაწეული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, აღარ დაიბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ფინანსთა სამინისტრომ არ წარმოადგინა მაჩვენებლები, თუ ყოველწლიურად რა თანხის ამოღება ხდება ამ ტიპის დღგ–სგან.
ინიციატივა ასევე ითვალისწინებს სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმის ჩამოწერას.
ამას გარდა, ჩამოწერას დაექვემდებარება 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; ასევე 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ინიციატივის შედეგად ჩამოსაწერი თანხის ოდენობა 8 მილიონ ლარს შეადგენს.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საგადასახადო დავალიანების გადახდის ერთი წლით გადავადებას მათთვის, ვისი საგადასახადო დავალიანების თანხა 5 ათას ლარს არ აღემატება; ამისთვის გადასახადის გადამხდელს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა არ დასჭირდება.