Site icon Civil.ge

მარგველაშვილი სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა „ნათლად აჩვენოს“, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის უკან პოლიტიკური მოტივაცია არ არსებობს.

იმავდროულად, სააკაშვილმა, რომელიც ვარშავაში იმყოფება, მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული და „არასერიოზული“ უწოდა.   

კითხვაზე ლახავს, თუ არა სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის თაობაზე გამოთქმული საერთაშორისო წუხილები საქართველოს იმიჯს, მარგველაშვილმა განაცხადა 7 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედთთან“ ინტერვიუში: “ჩვენ ყველა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი არ იქნას შელახული… მე ვგულისხმობ, რომ ყველა უნდა ვიყოთ ჩართული ამაში, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები“.

„ერთის მხრივ, ხელისუფლებამ უნდა ნათლად აჩვენოს სასამართლო პროცესზე, რომ შინაარსი კითხვებისა სააკაშვილის მიმართ არანაირად არ ატარებს პოლიტიკურ შინაარს და მე მინდა ამას ხაზი გავუსვა, ვინაიდან დემოკრატიულ სისტემებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა დგება არა სასამართლო დარბაზებში, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დგება ხოლმე არჩევნებზე და ამ არჩევნებზე საქართველოს საზოგადოებამ თავისი ვერდიქტი სააკაშვილის მიმართ დააფიქსირა. მაგრამ სასამართლო დარბაზში არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ უნდა იყოს, უნდა იყოს მხოლოდ რეალური მტკიცებულებები“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

„მეორეს მხრივ, თვითონ პრეზიდენტ სააკაშვილსაც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, როგორც ადამიანს, რომელიც ორჯერ იყო პრეზიდენტი ამ ქვეყნისა, აქვს პასუხისმგებლობა არა პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ, არამედ თავისი ქვეყნის მიმართ, რომ პატივი სცეს გამოძიებას“, – განაცხადა მან. „ასეთ ვითარებაში, მე ვფიქრობ ყველანი – მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, ომბუდსმენი, ყველა მოქალაქე და მეც – შევძლებთ ძალიან ნათლად ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საქართველოში შედგა დემოკრატია, საქართველოში არ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, ყველა პოლიტიკური თუ ჩვეულებრივი აქტორი, პატივს სცემს სასამართლოს და სახელმწიფოს“.

„ბუნებრივია, ჩვენი ძალიან ფრთხილად და გულისყირით თვალყურს ვადევნებთ იმ კომენტარებს, რაც გვესმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელსაც სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე გამოთქმული წუხილები ჰქონდა მხედველობაში. „ამ კომენტარებზე მთელმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა მივცეთ ნათელი პასუხი, რომ საქართველოში არის დემოკრატიული საზოგადოება, ამ საზოგადოებას ყველა ვცემთ პატივს… და ყველა ვიღებთ პასუხისმგებლობას იმის თაობაზე, რომ არ იყოს პოლიტიკური დევნა და პატივი ვცეთ სასამართლოს და სახელმწიფო სისტემას“.

სააკაშვილმა უთხრა ქართველ ჟურნალისტებს ვარშავაში 7 აგვისტოს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს არაფერი აქვთ საერთო სამართალთან და სამართლიანობასთან. 

სააკაშვილს ივლისის ბოლოს ბრალი წარედგინა საქმეზე, რომელიც ეხება მისი პრეზიდენტობის დროს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“.  სასამართლომ 2 აგვისტოს მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 5 აგვისტოს პროკურატურამ ექს–პრეზიდენტს ახალი ბრალდებები წაუყენა 2005 წელს მაშინდელ ოპოზიციურ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. 

„ახლა ალბათ პუტინი ცეკვავს კრემლში იმიტომ, რომ ომის წლისთავზე აჩუქეს ჩემი საპატიმრო სანქცია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„დღეს ჩამოვედი აქ და ვხვდები პოლონეთის ლიდერებს; ამას წინათ ვიყავი უნგრეთში და შევხვდი უნგრეთის ლიდერს; აქედან მივდივარ უკრაინაში, იქ ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებთ. ყოველი დღე გაწერილი მაქვს საერთაშორისო პრესასთან ურთიერთობის, ტელევიზიებთან; ბევრი საჯარო გამოსვლა მაქვს. ამ ჩემ გრაფიკში სად უნდა ჩავსვა დაახლოებით საქართველოში ჩამოსვლა და „გაზპრომის“ კერძო აქციონერის, ოლიგარქის აკვიატებების დაკმაყოფილება, რადგან პუტინმა ასე მოინდომა? სად გამოვძებნო დრო, რომ ჩემი ფეხით ჩამოვიდე, ჩავჯდე დილეგში და ამ ყველაფერზე უარი ვთქვა? რა თქმა უნდა, მე ამის დრო არ მაქვს და არც ამის შესაძლებლობები, რომ ეს გააკეთონ, მათ [საქართველოს ხელისუფლებას] არ აქვთ“, – განაცხადა ექს–პრეზიდენტმა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თანხლებით ექს–პრეზიდენტი სააკაშვილი ვარშავის აჯანყების მუზეუმს ესტუმრა და მუზეუმში პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების მემორიალი გვირგვინით შეამკო. სააკაშვილმა განაცხადა თავის Facebook-ის გვერდზე, რომ ვარშავაში ის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ შიკორსკის და პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერს ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდება, რომელიც თბილისს ივლისში სტუმრობდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისგტრომ განაცხადა 1 აგვისტოს, რომ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას „შესაძლოა შერჩევითი სამართლის გამოყენების სახე ჰქონდეს“.