საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ქაბულში ამერიკულ სამხედრო ბაზა „ფენიქსზე“ ქართველი სამხედროები მოინახულა და ნატოს სარდლობის ხელმძღვანელს, გენერალ ჯოზეფ დანფორდს შეხვდა.
7 აგვისტოს ბაზა „ფენიქსზე“ ქართველი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ალასანიამ მათ მადლობა გადაუხადა „დიდი სამსახურისთვის“ და ასევე პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.
„ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას აგრესორი დაატყდა თავს და ჩვენი ქვეყნის დაჩოქება სცადა. საქართველო საუკუნეების მანძილზე იბრძოდა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ტერიტორიებიც ხშირ შემთხვევაში დროებით დაგვითმია და დაგვიკარგავს. მაგრამ მთავარი, რაც ვერასდროს ვერ დაგვაკარგინა აგრესორმა არის ის უტეხი საბრძოლო სული, რომელიც თქვენშია“, – განაცხადა ალასანიამ.
„ექვსი წლის წინ 169 სამხედრო დავკარგეთ, მაგრამ ვერ დაგვაკარგინეს ღირსების განცდა“, – განაცხადა ალასანიამ. „ყველგან, სადაც ქართული ხუთ ჯვრიანი დღოშა ფრიალებს, იქ ამაყად და ღირსეულად მსახურობს ქართველი სამხედრო და მე მინდა უდიდესი მადლობა გითხრათ ამისთვის. ჩვენი ქვეყანა არასდროს არ დაიჩოქებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის სრულ დაცვას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც“.
გენერალ ჯოზეფ დანფორდთან შეხვედრის შემდეგ ალასანიამ განაცხადა, რომ მათ განიხილეს ავღანეთში არჩევნების შემდგომი სიტუაცია და საქართველოს წვლილი 2014 წლის შემდგომ მისიაში.
თავდაცვის მინისტრმა უთხრა ქართველ დეპუტატებს ივლისის ბოლოს, რომ საქართველოს ავღანეთში ნატოს 2014 წლის შემდგომ არასაბრძოლო მისიაში დაახლოებით 750 სამხედრო ეყოლება. მისი თქმით, ერთი ასეული მაზარ–ი–შარიფში განთავსდება გერმანული სარდლობის ქვეშ, ხოლო დანარჩენი სამხედროები აშშ–ის სარდლობას დაექვემდებარებიან ბაგრამში.
ამჟამად ISAF–ის მისიაში 755 ქართველი სამხედრო მსახურობს; ავღანეთში ქართველი სამხედროების ყველაზე დიდი რაოდენობა 1600–ს შეადგენდა.
დაახლოებით 50 ქართველი სამხედრო კვლავ აგრძელებს სამსახურს ქაბულში, ხოლო ქართველი ჯარისკაცების ერთი შენაერთი ყანდაღარშია განთავსებული.
ივლისში ქართველმა სახედროებმა ჰელმანდის პროვინციაში ოთხწლიანი სამსახური დაასრულეს.
ISAF–ის მისიას სულ 29 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა – ყველა მათგანი ჰელმანდის პროვინციაში მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
მისიის შესრულებისას 435 ქართველი სამხედრო დაიჭრა, მათგან 35–მა კიდურები დაკარგა, იტყობინება ISAF–ი.