Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი: შვედეთის და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები ‘სააკაშვილის მეგობართა კლუბიდან’ არიან

(განახლება: მეხუთე აბზაცად დაემატა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი)

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შვედეთის და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრების, კარლ ბილდტის და ლინას ლინკევიჩიუსის მიერ გამოთქმული შეშფოთება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით მოულოდნელი არ უნდა იყოს, რადგანაც ისინი ‘სააკაშვილის მეგობართა კლუბიდან“ არიან.

„ეს ნორმალურია“, – განაცხადა მან ჟურნალისტის კითხვაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ 7 აგვისტოს Tweeter–ზე დაწერილ კომენტართან დაკავშირებით, რომელშიც ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ შერჩევითი სამართლის შესაძლო გამოყენება შეუსაბამოა ევროპული ინტეგრაციის პროცესთან და საქართველოს ხელისუფლებას ამგვარ პრაქტიკაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

„ეს არის ჩვეულებრივი, ძალიან მარტივად აგიხსნით, მოსახლეობას მინდა განუმარტო“, – განაგრძო ღარიბაშვილმა, „ეს არის გარკვეული, ასე ვთქვათ, სააკაშვილის მეგობართა კლუბი, რომელსაც აქვთ გარკვეული მეგობრული  ვალდებულება და ისინი უბრალოდ თანაგრძნობას გამოთქვამენ“.

„მათ სამწუხაროდ არ იცოდნენ ის საშინელებები, რაც ხდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში. თუნდაც ომი, ზოგიერთი მოქალაქისთვის იყო აბსოლუტურად შემზარავი იმ ფაქტების, იმ კადრების ნახვა, რაც ჩვენ ვიხილეთ 2008 წლის ომში, ომის დროს გაქცეული მთავარსარდალი და არ ვიცი, ამას მომავალი თაობა კიდევ უფრო კარგად  შეაფასებს და ძალიან მკაცრად შეაფასებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელიც ჟურნალისტებს მას შემდეგ გაესაუბრა, რაც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის საპატივსაცემოდ გვირგვინით შეამკო.

საპასუხოდ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა დაწერა თავის Tweeter-ზე: თუ საქართველოს პრემიერ–მინისტრს "არ სურს, რომ ევროკავშირში მისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს მოუსმინოს, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას ვითვალისწინებთ“.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით დაწერა თავის Twitter-ზე 6 აგვისტოს: „მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით საქართველოს ხელისუფლება ევროპული გზიდან უხვევს. ამას ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის“. 7 აგვისტოს მან ასევე დაწერა თავის Twitter-ზე, რომ „საქართველოში ანგარიშწორების პოლიტიკასთან დაკავშირებით მზარდი საერთაშორისო შეშფოთება არსებობს. ეს ქვეყანას აზიანებს“.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა მისთვის ოთხი ამერიკელი სენატორის მიერ გამოგზავნილ წერილზეც გააკეთა კომენტარი. წერილში, რომელიც პირველად „ტაბულამ“ გამოაქვეყნდა, სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი და მარკო რუბიო აცხადებენ, რომ “შემაშფოთებელია“ საქართველოს მთავრობის „ძალისხმევა გაასამართლოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე, რომ პროცესი პოლიტიკასთან უფროა კავშირში, ვიდრე დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებთან“.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან ამერიკელ სენატორებს საპასუხო წერილი გაუგზავნა, სადაც ის აღნიშნავს, რომ მათ მიერ მოყვანილი „ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს“.

„მე მათ აუხსენი, რომ რეალობა, იქ წერილში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ის ფაქტები, დიდი ვარაუდით, ეს ფაქტები, რომლებიც, რა თქმა უნდა, მიწოდებული იყო სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა მან.

„მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველას მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ სიმართლე, სიმართლე იმის თაობაზე თუ რაც ხდებოდა საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში. ეს სიმართლე არ დაიკარგება არასდროს. მე პირადად გავაკეთებ ყველაფერს, რომ ეს სიმართლე გაიგოს ყველამ, არა მარტო ჩვენმა ხალხმა არამედ ყველამ, მთელმა მსოფლიომ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ და ვგრძნობთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას და მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი არის აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი“, – დასძინა მან.