Site icon Civil.ge

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი ერდოღანს ტელეფონით ესაუბრნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 აგვისტოს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრნენ ტელეფონით, რათა მისთვის თურქეთის პირველ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიელოცათ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ღარიბაშვილის „უახლოეს მომავალში“ დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს თურქეთის რესპუბლიკაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მარგველაშვილმა ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ რეგიონალურ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.

„საუბარი ასევე შეეხო ნატოს სამიტს, რომელიც სექტემბრის დამდეგს უელსში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის არჩეულ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

11 აგვისტოს ერდოღანისთვის გაგზავნილ ცალ–ცალკე მისალოც წერილებში საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა ორ ქვეყანას შორის „მეგობრობასა“ და „პარტნიორობაზე“ გაამახვილეს ყურადღება.