Site icon Civil.ge

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა თანამშრომლობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 12 აგვისტოს ტელეფონით თავის უკრაინელ კოლეგას პეტრო პოროშენკოს ესაუბრა და კიდევ ერთხელ გამოხატა თბილისის „მტკიცე მხარდაჭერა“ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „მზადყოფნა გამოხატა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებას შეუერთდეს“ ლუგანსკის რეგიონის დასახმარებლად და აღნიშნა, რომ წარსულში საქართველოც იყო „აგრესიის“ სამიზნე და ამიტომაც მას კარგად ესმის უკრაინის მდგომარეობა.

„ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველო იყო და არის ჩვენი პარტნიორი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, მისი ადმინისტრაციის თანახმად.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ორივე ქვეყანას საერთო გამოწვევები აქვს, თუმცა მსგავსი ამოცანების წინაშეც დგანან. კერძოდ, ესაა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება“. პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას „ქართული რეფორმების გამოცდილება აინტერესებს“.

„ორი პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ დიალოგი სექტემბერში განაგრძონ ნატოს სამიტის ფარგლებში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც მარგველაშვილის ინიციატივით გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა „კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იგი ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, სამწუხაროდ, უკრაინას ახლა სწორედ ის პრობლემები აქვს, რომელთა წინაშეც საქართველო 2008 წელს იდგა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები 2008 წლის გაგრძელებაა“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„საუბარი ასევე შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის საკითხსაც. მათი [ორი პრეზიდენტის] განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყანა კოორდინირებულად მოქმედებდეს საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, უელსის სამიტის ფარგლებში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და დასძინა, რომ პრეზიდენტებმა „განსაკუთრებული ყურადღება მათ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დროული იმპლემენტაციის საკითხს დაუთმეს“.