Site icon Civil.ge

თავდაცვის სამინისტრო ახალქალაქში საბრძოლო მომზადების ცენტრს აშენებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალქალაქში იმ ადგილას, სადაც 2007 წლამდე რუსული სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. აქ იყო საბჭოთა ჯარი და დღეს ეს ადგილი იძენს თვისობრივად ახალ შინაარს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად 14 აგვისტოს მშენებლობის დაწყების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის პირველი ეტაპი 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს და შტაბის, სასადილოსა და ყაზარმების მშენებლობას მოიცავს. მეორე ეტაპი კი 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს და სპორტ კომპლექსის, სერჟანტებისა და ოფიცრებისთვის საერთო საცხოვრებლების, საბავშვო ბაღის და სხვა ნაგებობების მოწყობას ითვალისწინებს.

თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სასწავლო ცენტრი ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც „ამ ცენტრს უნდა მომსახურება და სწორედ მომსახურების საკითხები უფრო აქტიურს გახდის აქაური სოფლის მეურნეობის ნაწარმის შესყიდვას და სხვადასხვა სერვისების მიწოდებას ჩვენი ცენტრისთვის“.