Site icon Civil.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აზერბაიჯანში ორდღიანი ვიზიტი ორშაბათს დაიწყო, სადაც ის  თავის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს შეხვდება 19 აგვისტოს ნახიჭევანში, იტყობინება საქართველოს თავდაცვის უწყება.

თავდაცვის მინისტრთა სამმხრივი შეხვედრა მიზნად ისახავს ერთობლივი ზომების დაგეგმარებას „კრიტიკულ ვითარებებში“ რეგიონული ენერგო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველსაყოფად, განაცხადა ალასანიამ კვირას.

„სამმხრივ შეხვედრას დიდი ხანია უკვე ვამზადებთ“, – განაცხადა ალასანიამ, „იცით, რომ შარშანაც ამ ინიციატივით გამოვიდა ქართული მხარე. ეს იქნება პირველი ფორმალური შეხვედრა უკვე აზერბაიჯანში“.

„ეს შეხვედრები და შემდეგ უკვე შესაბამისად გაფორებული შეთანხმება მიეძღვნება იმ დაგეგმარებას, რომელსაც სამი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები შეუდგება, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიტიკულ ვითარებებში ჩვენი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვა  – ჩვენი ნავთობსადენების, გაზსადენების, რკინიგზის კომუნიკაციების დაცვა იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება სამხედრო ესკალაცია“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. 

„კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხის დარეგულირებაზე; არავის საწინააღმდეგო ნაბიჯი ეს არ არის და პირიქით, ამგვარი შეთანხმებები კიდევ დამატებით საფუძველს და საყრდენს ქმნის რეგიონალური სტაბილურობის“, – აღნიშნა მან.

სამმხრივ შეხვედრამდე, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ალასანია თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ზაკირ ჰასანოვს შეხვდება.

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სამმხრივ ფორმატში ყოველწლიურ შეხვედრებს 2012 წლიდან მართავენ; ბოლო ასეთი შეხვედრა 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანში შედგა.

სამი ქვეყნის პრეზიდენტების პირველ სამმხრივ სამიტს კი თბილისმა 2014 წლის მაისში უმასპინძლა.