საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აშშ დოლარში 2008–2012 წლებში. წყარო: საქსტატი
„საქსტატის“ მიერ 15 აგვისტოს გავრცელებული დაზუსტებული მონაცემებით, 2013 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 941.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.3%–იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.
„საქსტატის“ მიერ მარტში გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვებელი 914 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საბოლოო მაჩვენებლები გაიზარდა.
დაზუსტებული მონაცემებით, 2013 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 252.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 207.9 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა; მესამე კვარტალში 254.8 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მეოთხე კვარტალში ისევ შემცირდა 226.9 მილიონ აშშ დოლარამდე.
2013 წელს ყველაზე დიდი ინვესტიცია განხორციელდა ენერგო სექტორში – 244.7 მლნ აშშ დოლარი, რაც 2012 წელთან შედარებით 36.4%–იანი ზრდაა.
შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი – 166.4 მლნ აშშ დოლარი (2.3%–იანი ზრდა); ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 140.1 მლნ აშშ დოლარი, რაც თითქმის ორჯერადი ზრდაა წინა წელთან შედარებით; დამამუშავებელი მრეწველობა – 99.8 მლნ აშშ დოლარი (40.5%–იანი კლება); მშენებლობა – 49.8 მლნ აშშ დოლარი (19.1%–იანი ზრდა); სამთომომპოვებითი მრეწველობა – 43.7 მლნ აშშ დოლარი; 2012 წელს ეს მაჩვენებელი 4.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა; უძრავი ქონება – 42.3 მლნ აშშ დოლარი (19.8%–იანი კლება); სოფლის მეურნეობა – 11.9 მლნ აშშ დოლარი (26%–იანი კლება); ჯანდაცვა – 700 000 აშშ დოლარი; 2012 წელს ეს მაჩვენებლი 17.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
2013 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი იმ კომპანიებზე მოდიოდა, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ ნიდერლანდებში და ლუქსემბურგში – 153.2 მლნ აშშ დოლარი და 142.5 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად; ჩინეთი – 89.9 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 81.9 მლნ აშშ დოლარი; არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 62 მლნ აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 55.2 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 44.8 მლნ აშშ დოლარი; ჩეხეთის რესპუბლიკა – 43.6 მლნ აშშ დოლარი; მალტა – 43.2 მლნ აშშ დოლარი.
„საქსტატის“ მონაცემებით, 54.7 მილიონი აშშ დოლარი „საერთაშორისო ორგანიზაციებზე“ მოდის.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის პირველ სამ თვეში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 260 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; მეორე კვარტლის მონაცემები სავარაუდოდ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)