Site icon Civil.ge

აშშ-ის საზღვაო ფლოტის კრეისერი ბათუმს ეწვია

მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ამერიკული კრეისერი „ველა გალფი“ 18-20 აგვისტოს ბათუმის პორტს სტუმრობს.

„მისი ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოელ მეკავშირეებსა და საქართველოს დარ პარტნიორებთან, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას, აგრეთვე მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ თბილისში ორშაბათს. 

საქართველოში სტუმრობისას „ველა გალფი“, რომელიც აშშ-ის მე-6 ფლოტის კრეისერია,  საქართველოს „სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად რუტინულ ერთობლივ წვრთნებს გამართავს, უმასპინძლებს დამთვალიერებლებს, აგრეთვე უმასპინძლებს მიღებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების პატივსაცემად“.

„ველა გალფის“ ბათუმში სტუმრობა აშშ-ის სამხედრო ფლოტის გემების წინა ვიზიტების გაგრძელებაა. სტუმრობის მიზანია პროფესიული და ადამიანური ურთიერთობების გაღრმავება შეერთებულ შტატებს, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის“, – განაცხადა საელჩომ.