საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 18 აგვისტოს მის ლატვიელ კოლეგას ანდრის ბერზინშის ნატოს უელსის მოახლოებული სამიტის შესახებ ტელეფონით ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სატელეფონო საუბარში გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სექტემბრის ნატოს სამიტის „შემაჯამებელი დოკუმენტი უნდა აძლიერებდეს საქართველოს ალიანსში გაწევრების პერსპექტივას“.
ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „მადლიერება გამოხატა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ლატვიის დაუღალავი მხარდაჭერის გამო“.
„თავის მხრივ, ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა დაარწმუნა, რომ ლატვია ამ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტის პრესსამსახურმა და დასძინა, რომ რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება ასევე იქნა განხილული საუბრისას.
ლატვიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს ნოემბერში გეგმავს.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ნატოს სამიტის თაობაზე სატელეფონო საუბრები თავის პოლონელ და ესტონელ კოლეგებთან 14 აგვისტოს გამართა.
ივნისში გამართულ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ ნატოს მომავალი სამიტის დღის წესრიგში საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი არ შევა და სანაცვლოდ, ისინი შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის „არსებითი პაკეტი" შეუმუშაონ, რომელიც ქვეყანას ალიანსთან შემდგომ დაახლოებაში დაეხმარება.