Site icon Civil.ge

პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს როლის გაძლიერებას ცდილობს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 19 აგვისტოს ქართული ოცნებისა და ნციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატს, სამართლის ექსპერტებს და რამდენიმე დასავლელ ელჩს შეხვდა ეროვნული უშიშროების საბჭოს როლზე სასაუბროდ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს როლი, რომელსაც თავმჯდომარეობს პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილებებიც მნიშვნელოვნად შეიზღუდა ნოემბრიდან ამოქმედებული კონსტიტუციის შედეგად, გარკვეულწილად დაჩრდილა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ, რომელიც გასული წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით ჩამოყალიბდა.

1 აგვისტოს, როცა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭო პირველად მოიწვია ნატოს სამიტისთვის საქართველოს მზადებაზე სამსჯელოდ, სხდომას პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი არ დასწრებია.

„დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, სიღრმისეული აზრთა გაცვლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს არსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე ქვეყნის ერთ-ერთმა ყველა მნიშვნელოვანმა ორგანომ – ეროვნული უშიშროების საბჭომ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 19 აგვისტოს დეპუტატებთან, ექსპერტებთან და დიპლომატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციური ორგანო – ეროვნული უშიშროების საბჭო მუშაობდეს ეფექტურად და ეს იყოს ადგილი, სადაც ერთმანეთს ეთათბირებიან ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე როგორც პარლამენტის წევრები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და აქ დგება კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, როგორ და რა გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო „ძალიან საინტერესო განხილვა“ იმის თაობაზე, თუ როგორი სტრუქტურული მოწყობა უნდა შექმნას საქართველომ იმისათვის, რომ გაუმკლავდეს უსაფრთხოების კრიზისულ ვითარებებს. მან ასევე მიუთითა, რომ „სტრუქტურებმა, როგორც ამჟამად ისინი არსებობენ, შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს“.

„ესაა საკითხები, რომელთა განხილვაში თავისი წვლილის შეტანას აშშ-ის საელჩოც ცდილობს, მათ შორის აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიშის მეშვეობით“, – განაცხადა ელჩმა ნორლანდმა.

„ვფიქრობ, საჭიროა გვახსოვდეს კონტექსტი, რომელშიც ვართ; ეს არ არის თეორიული საკითხი – საქართველო შესაძლოა კრიზისის წინაშე ნებისმიერ დღეს აღმოჩნდეს და ნათელია, რომ სტრუქტურებმა, როგორც ამჟამად ისინი არსებობენ, შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს“, – განაცხადა მან.

„ასე რომ, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მთავრობა და ხელისუფლების ყველა ნაწილი ერთმანეთს ესაუბრება იმაზე, თუ როგორ მივიდნენ სისტემამდე, რომელიც საქართველოს ინტერესებს საუკეთესოდ მოემსახურება“, – დასძინა აშშ-ის ელჩმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქართული ოცნების დეპუტატები ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ასევე პარლამენტარები ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილი და დავით დარჩიაშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა თეზისებად გაწერილი წერილობითი დოკუმენტი „საქართველოს პრეზიდენტის ხედვა“ ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, შემოთავაზებულია საბჭოს გაფართოება მასში უფრო მეტი მუდმივი წევრის, კერძოდ კი პარლამენტის თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების და ასევე გენშტაბის უფროსის შეყვანის გზით.

პრეზიდენტის ხედვაში ასევე ნათვამია, რომ „კონსტიტუციის სულისკვეთებიდან გამომდინარე“ უშიშროების საბჭო ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან  დაკავშირებულ საკითხებზე „პოლიტიკური შეთანხმებების“ მიღების ორგანოდ მოიაზრება.

ამ ხედვის თანახმად, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სამი უმთავრესი დოკუმენტი  – „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“, „საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ და „ეროვნული სამხედრო სტრატეგია“  – ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში უნდა განიხილებოდეს და თანხმდებოდეს.

თავდაცვის შესახებ ახალი კანონის პროექტის თანახმად, რომელიც მთავრობამ პარლამენტში განსახილველად მაისში შეიტანა, სამივე ამ დოკუმენტს შეიმუშავებს და ორ შემთხვევაში, გარდა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა, რომელსაც პარლამენტი უყრის კენჭს, ამტკიცებს მთავრობა და ამაში პრეზიდენტი ან მისი სათათბირო ორგანო, ეროვნული უშიშროების საბჭო არ მონაწილეობს. პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

პრეზიდენტის ხედვაში ასევე აღნიშნულია, რომ  უშიშროების საბჭო მოწოდებული უნდა იყოს უზრუნველყოს კოლეგიურ ფორმატში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავება და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის თავდაცვისა და უშიშროების სფეროში კოორდინაცია.