ორი ადამიანი ითვლება დაკარგულად დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, რამაც ჩაკეტა რუსეთთან საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და დააზიანა საქართველოს გავლით რუსეთიდან სომხეთისკენ მიმავალი გაზსადენი.
მეწყერი, რომელიც 20 აგვისტოს ღამით ჩამოწვა, იგივე ადგილას განმეორდა, სადაც 17 მაისს ანალოგიური სტიქიური უბედურება მოხდა ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში, რამაც საავტომობილო მიმოსვლის თითქმის ერთთვიანი პარალიზება გამოიწვია.
სამი თვის თავზე გამეორებულმა მეწყერმა ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენი დააზიანა, რის გამოც სომხეთს საქართველოს გავლით რუსული გაზის მიწოდება შეუწყდა, განაცხადა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ.
ეს გაზსადენი 17 მაისს მომხდარმა მეწყერმაც დააზიანა, თუმცა კვირაზე ნაკლებ დროში შეკეთდა და გაზის ტრანზიტი აღდგა.
ოფიციალური პირების განცხადებით ორი ადამიანი – საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც ადგილზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე მუშაობდნენ, გაუჩინარებულია. ვარაუდობენ, რომ ისინი შესაძლოა ჰესის ტექნიკურ გვირაბში იყვნენ ჩარჩენილები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც დღეს სომხეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს, განაცხადა, რომ წინა სტიქიის დროს დამონტაჟებული სიგნალების სისტემამ იმუშავა და ამან ადამიანების დროული ევაკუაცია შესაძლებელი გახადა.
„როგორც ჩანს მასშტაბი არის საკმაოდ დიდი და ზარალი გაცილებით დიდი, ვიდრე წინა მეწყერის დროს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საბაჟო-გამშვები პუნქტის ნაგებობები დაიტბორა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, მაისის მეწყერის მსგავსად, ბოლო შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ღვარცოფის გავლას. სამინისტროს სპეციალისტების შეფასებით, 20 აგვისტოს დევდორაკის ხეობაში მოსული უხვი ნალექების შედეგად სამი თვის წინ მომხდარი ღვარცოფული მოვლენების შემდეგ დარჩენილი მასის გადმოტანა მოხდა.