Site icon Civil.ge

პრეზიდენტი მიესალმება ნატოს სამიტის გადაწყვეტილებებს საქართველოზე

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ნატოს უელსის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ის „კმაყოფილია“ ალიანსის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებით, რომლებიც „შინაარსობრივად უაღრესად დატვირთულია“. 

„მოხდა იმის აღიარება, რომ საქართველოსა და ნატოს შორის არის უაღრესად გაფართოებული, ინტენსიური თანამშრომლობა. ჩვენ გადავედით ნატოს მოკავშირეების იმ ჯგუფში,  რომელიც არის თვისობრივად უფრო მაღალი; ჩვენ ვართ ახლა ფინეთთან, შვედეთთან, ავსტრალიასთან, იორდანიასთან ერთად ცალკე ჯგუფში იმ პარტნიორებისა, რომელთა თავდაცვის სისტემებიც არის უაღრესად დაახლოებული ნატოსთან. ბუნებრივია, ეს მიღწევა არის იმ 11 000 ჯარისკაცის მიღწევა, რომელთაც თავისი სიცოცხლის და თავისი გმირობის ფასად საქართველო აი ასე გასწია წინ“, – განაცხადა მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში 5 სექტემბერს.

„მეორე უაღსესად მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც ჩვენ გვქონდა და რომელსაც ასევე ძალიან აქტიურად ვაცნობდით საზოგადოებას, იყო ჩვენი ქვეყნის ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ძალიან მტკიცე ნაბიჯის გადადგმა. საქართველოს რეალურად დღეს აქვს თანამშრომლობის მექანიზმები, რომელთა გაღრმავებითაც საქართველო ფაქტიურად ნატოს სტანდარტებს მიაღწევს  – ეს იქნა ერთმნიშვნელოვნად აღიარებული, მიღებული ჩვენი პარტნიორების მიერ“, – განაცხადა მან.

„მესამე ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც ჩვენ ასევე ვაცნობდით საზოგადოებას, მდგომარეობდა არა უბრალოდ ნატოს წევრობისკენ აქტიური ნაბიჯის გადადგმაში, არამედ იმაში, რომ ჩვენ მანამ, სანამ გავხდებით ნატოს წევრები, მიგვეღო მეტი დაცულობა, მეტი სტაბილურობა, მეტი უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში. ეს მიზანიც  მიღწეული იქნა სწორედ ამ პაკეტის მეშვეობით; ეს არის მთელი რიგი კონკრეტული ღონისძიებები კონკრეტული თანამშრომლობის, რომლის ზოგადი ფორმატი არის მეტი ნატოს აქტიურობა საქართველოში, მეტი საქართველოს აქტიურობა ნატოში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ბუნებრივია, ჩვენ ვართ კმაყოფილი ამ მიღწევებით“,  – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ის მექანიზმები, რომლებიც საქართველოს უკვე გააჩნია ნატოსთან, ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ექვივალენტურია; MAP-ის მიღებაზე საქართველოს ამჯერადაც უარი უთხრეს.

„მაგრამ მე არ მინდა მოვატყუო საზოგადოება და ვთქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ MAP-ი არ დაგვჭირდება. შესაძლოა ჩვენ არ დაგვჭირდეს; დღევანდელ ეტაპზე ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ  MAP-ი არ იქნება არასდროს საჭირო“, – განაცხადა პრეზიდენტმა, „ჯერ-ჯერობით ეს ფორმალური მოთხოვნა [MAP-ის ფაზის გავლა წევრობისკენ გზაზე] არსებობს, შესაბამისად, შეიძლება მომავალში არ არსებობდეს, დღეს ეს მოთხოვნა არსებობს“.

საქართველოსთვის თავდაცვის საშუალებების შესაძლო მიწოდებაზე დასმულ შეკითხვას, პრეზიდენტმა უპასუხა: „ეს არის საკითხი, რომლის მიმართულებითაც სწორედაც რომ დღეს ჩვენ გვეხსნება უაღრესად ფართე ფორმატი. ეს მოგვცემს შესაძლებლობას [ნატოს] ყველა წევრ ქვეყანასთან  დავიწყოთ ძალიან ინტენსიური დიალოგი სწორედაც რომ ამ პაკეტის დატვირთვის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად 28 ქვეყანა აღიარებს აი ამ პაკეტის არსებობას და შენ ახლა ყველა კონკრეტულ ქვეყანასთან უნდა აწარმოო კიდევ უფრო გაღრმავებული დიალოგი იმისთვის, რომ ეს პაკეტი რაც შეიძლება უფრო მეტად დახუნძლო“.

კითხვაზე მიმდინარეობს თუ არა რომელიმე ქვეყანასთან მსგავსი საუბრები, მარგველაშვილმა უპასუხა: „ძალიან ღრმა და შინაარსობრივი დიალოგი არის ჩვენს ფრანგ კოლეგებთან, თურქ კოლეგებთან, შეერთებულ შტატებთან, ბალტიისპირელ კოლეგებთან, აღმოსავლეთ ევროპის კოლეგებთან“.

შეკითხვაზე, თუ რამდენად მზად იქნება საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მომდევნო სამიტზე, რომელსაც 2016 წელს პოლონეთი უმასპინძლებს, მარგველაშვილმა უპასუხა: „პოლონეთის სამიტისთვის საქართველოს ექნება გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნატოს სტანდარტებთან მიმართებაში“. 

„დღეს ჩვენ წინ წავედით იმ ღვაწლის გამო, რომელიც აქვს ჩვენს ჯარისკეცებს და შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ იმიტომაც, რომ ჩვენ განვავითარეთ დემოკრატიული ინსტიტუტები. შემდეგი ნაბიჯებიც არა მხოლოდ თავდაცვის სისტემების განვითარების მიმართულებით, არამედ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული დახვეწის და განვითარების  მიმართულებით უნდა გადაიდგას – ეს ორი გზა ერთდროულად მიგვიყვანს ჩვენ ალიანსის წევრობამდე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.