„საქსტატის“ მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის პირველ ნახევარში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 415.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.6%–ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2014 წლის მეორე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 150.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.6%–ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2014 წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 265.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით, იმ ფონზე, როცა ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის სფეროებმა მეორე კვარტალში 282 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდეს, რაც 41.7%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 127 მილიონი აშშ დოლარის გადინება მოხდა საფინანსო სექტორიდან.
2014 წლის მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სფეროში – 101 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის გადამამუშავებელი მრეწველობა – 58 მლნ აშშ დოლარი; ენერგო სექტორი – 45 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 41 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა – 21 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 11 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა – 5 მლნ აშშ დოლარი.
2014 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი იმ კომპანიებზე მოდიოდა, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ ნიდერლანდებში – 93 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 77 მლნ აშშ დოლარი; ლუქსემბურგი – 48 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 25 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი – 18 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 15 მლნ აშშ დოლარი; კვიპროსი – 11 მლნ აშშ დოლარი; შვეიცარია – 8 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი და საფრანგეთი – 6 მლნ აშშ დოლარი თითოეულიდან.