საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ შეიარაღებაზე არსებული დე ფაქტო ემბარგო, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ დასავლელი პარტნიორები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თავს იკავებდნენ თბილისისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვისგან, ახლა უკვე დასრულებულია.
მიესალმა რა „გაძლიერებულ პაკეტს“, რომელიც ნატომ საქართველოს გასულ კვირას უელსის სამიტზე შესთავაზა, ალასანიამ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ეს პაკეტი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს საჰაერო თავდაცვის და ანტი–სატანკო სისტემები შეიძინოს, თუმცა ამას, მისი თქმით, თავდაცვის სფეროს მეტი დაფინანსება დასჭირდება.
„იმისათვის, რომ თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებულმა ძალებმა მათზე დაკისრებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულონ, მათ სჭირდებათ თავდაცვითი შეიარაღება. ეს საკითხი, შეიძლება ითქვას, გაჭედილი იყო 2008 წლის შემდეგ. არ იყო ღიად ემბარგოზე საუბარი, მაგრამ ყველა ერიდებოდა საქართველოსთან თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე ან მოყიდვაზე საუბარს – ამ საკითხს დაესვა წერტილი პოზიტიურად. პირდაპირ წერია ნატო–საქართველოს პაკეტში, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა მისცენ შესაძლებლობა საქართველოს შეიძინოს თავდაცვითი შეიარაღება და კონკრეტულად მითითებულიც არის – საჰაერო თავდაცვა, ანტი–სატანკო შესაძლებლობები, რაც საქართველოს სჭირდება, რომ დაიცვას თავი შესაძლო აგრესიისგან”, – განაცხადა ალასანიამ.
- ჰეიგელი ‘კიდევ უფრო ძლიერი სამხედრო ურთიერთობების’ პირობას დებს
- გეითსი: აშშ საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას სიფრთხილით ეკიდება
- WikiLeaks-ის მასალებიდან: საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობაზე აშშ-ის ორი დიპლომატის მოსაზრება
„როდესაც ამერიკის თავდაცვის მდივანი სტუმრობდა საქართველოს მე აღვნიშნე, რომ ჩვენი თანამშრომლობა, ახალი ეტაპის თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული – ამას მინდა ყველამ კარგად გაუსვას ხაზი – იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვით შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ცა დაფარული, ჩვენ სამხედროებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაუპირისპირდნენ მოწინააღმდეგეს ადეკვატურად“, – განაცხადა მან.
„ეს შესაძლებლობები საქართველოს გაუჩნდება ეტაპობრივად“, – დასძინა ალასანიამ.
მაგრამ მან ხაზი გაუსვა, რომ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საქართველომ მეტი თანხები უნდა ჩადოს თავდაცვის ბიუჯეტში.
„სხვა სახელმწიფო შენ ჯარს არ შეგიქმნის. სხვა სახელმწიფოებმა და ნატომ შეიძლება მოგცეს ინსტრუმენტები. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი გავიაზროთ, რომ ჩვენ თვითონ უნდა გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად – ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, გვქონდეს ის ინსტრუმენტები, რომელიც გვჭირდება“,– განაცხადა ალასანიამ.
ივლისში პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ალასანიამ უთხრა დეპუტატებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სურს, რომ მისი ბიუჯეტი მომავალ წელს 11%–ით გაიზარდოს.
2014 წელს თავდაცვის სამინისტროს 660 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი; იგივე დაფინანსება ჰქონდა სამინისტროს 2013 წელსაც.
ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ „არ მივცეთ მიზეზი რუსეთს ჩაგვითრიოს რაიმე ფორმის ესკალაციაში, დადებითად არის შეფასებული ჩვენი პარტნიორებისგან“.
„ჩვენი პოლიტიკაა, რომ განვავითაროთ თავდაცვა, შეუქცევადად წავიდეთ ნატოსკენ, ევროპისკენ და ამავე დროს ყველაფერი ვცადოთ იმისთვის, რომ არ ჩაგვაბას რუსეთმა ესკალაციაში. ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფრისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს იმას, რომ შესაძლო პოტენციურ აგრესიას შევხვდეთ ისე, როგორც შევხვდით 2008 წელს. სწორედ აქეთკენაა ძალისხმევა მიმართული, რომ ჩვენ გაგვაჩნდეს ყველა საჭირო თავდაცვითი შესაძლებლობა, რომ თუკი ესკალაცია მოხდა, საქართველოს ჯარისკაცებს, ჩვენ შეიარაღებულ ძალებს ჰქონდეს ყველაფერი იმისთვის, რომ დაიცვას ტერიტორია და საზოგადოება“, – განაცხადა ალასანიამ.