ქობულეთის მაცხოვრებლების ჯგუფმა, რომლებიც მათ უბანში მუსლიმური პანსიონის გახსნას ეწინააღმდეგებიან, 10 სექტემბერს შენობის შესასვლელთან ღორი დაკლეს და მისი თავი კარებზე მიაჭედეს.
„მართლა შეურაცხოფილები ვართ. ძალიან ცუდი ფაქტია; ასეთი რამ არ მომხდარა არცერთ საუკუნეში“, – განაცხადა მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ და დასძინა, რომ ეს მუსლიმთა დიდი შეურაცხყოფაა და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია და ის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ქონების განადგურების მუქარას ითვალისწინებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 11 სექტემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში „პრინციპულად დაგმო“ ქობულეთში მომხდარი პროვოკაცია, როგორც „რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა, რომელსაც სახელმწიფო არ დაუშვებს და ყოველთვის წინ აღუდგება“.
„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია, მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, „რელიგიური დაპირისპირება უცხოა ჩვენი ხალხისთვის. საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო შემწყნარებლობით, ტოლერანტობით, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები“.
„ეს პროვოკაცია, ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი საქართველოში, მათ, ვისაც სურს, გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მან ასევე მოუწოდა სამართალდამცავებს „სასწრაფოდ გამოიძიონ“ და პროვოკაციის ყველა მონაწილეს „სათანადოდ აგებინონ პასუხი“.
„მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა კი მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათი ინტერესების დასაცავად. ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით“.
სამსართულიან შენობას, სადაც სასწავლებელი უნდა გაიხსნას და რომლის მფლობელიც თურქეთის მოქალაქეა, ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ მართავს. მისი წარმომადგენელი შამილ კაკალაძე აცხადებს, რომ ამ ინციდენტამდე იყო მუქარები ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანების მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პანსიონის გახსნას. კაკალაძემ განაცხადა 10 სექტემბერს, რომ პანსიონი ნებისმიერ შემთხვევაში გაიხსნება.
10 სექტემბრის აქციის მონაწილე ერთ–ერთმა ხანშიშესულმა ქალბატონმა განაცხადა, რომ მათ რელიგიური დაპირისპირება არ სურთ და რომ ისინი სხვა რელიგიებს პატივს სცემენ, თუმცა ის ადგილი, სადაც სასწავლებლის გახსნა იგეგმება, მისი თქმით, მთლიანად ქრისტიანული ადგილია.
ასევე 10 სექტემბერს ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა ქობულეთის მთავარი გზა ცოტა ხნით გადაკეტა. ამ ჯგუფმა ივლისშიც გამართა რამდენიმე საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ შენობის მფლობელი თურქეთის მოქალაქე იყო; მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ მათ არ სურთ, როგორც ისინი აცხადებდნენ, თურქეთის მიერ დაფინანსებული მუსლიმური სასწავლებელი მათ უბანში იყოს.
ქობულეთის გამგებელმა სულხან ერგემლიძემ განუცხადა ჟურნალისტებს 10 სექტემბერს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა „მოატყუეს“, რადგანაც როდესაც ეს შენობა მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა შეიძინა, ადგილობრივებს უთხრეს, რომ „ქართველი ოჯახები“ იცხოვრებდნენ იქ. მან ასევე განაცხადა, რომ ორგანიზაციას ხელისუფლებისგან „ლიცენზია“ სჭირდება პანსიონი გასახსნელად. „ეს ლიცენზია მათ არ გააჩნიათ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არ იქნება სკოლის წინააღმდეგი, თუ ისინი ლიცენზიას მიიღებენ.
ქობულეთის გამგებლის მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ განაცხადა, რომ სიტუაცია მარტივი არ არის. მისი თქმით, ამ დასახლებაში ყველა მაცხოვრებელი მართლმადიდებელი ქრისტიანია.
„კონსტიტუციით ეს უფლება განმტკიცებული აქვს იმ ხალხს, ვინც აქ სასწავლებლის გახსნას გეგმავს. მაგრამ ჩემთვის, როგორც გამგებლის მოადგილისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მოსახლეობის აზრი. ჩემთვის, როგორც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აქ არ მოხდეს მრევლს შორის დაპირისპირება“, – განაცხადა ცეცხლაძემ.
10 სექტემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში თერთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაგმო ქობულეთში მომხდარი ინციდენტი და განაცხადა, რომ მუსლიმი თემის წინააღმდეგ შეუწყნარებლობის გამოვლენის ფაქტების ზრდა ამგვარ შემთხვევებზე ხელისუფლების „არაეფექტური და არაადეკვატური რეაგირების შედეგია“.
განცხადებაში გაკრიტიკებულია ის კომენტარებიც, რომლებიც ინციდენტთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს. განცხადების თანახმად, ამგვარი კომენტარებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უშვებენ იმას, რომ „პანსიონის ფუნქციონირებაზე ნებართვა თითქოს სწორედ უმრავლესობის ნებისა და ინტერესების გათვალისწინებით შეიძლება გაიცეს“.
„აღნიშნული განცხადება არის დისკრიმინაციული და ხელს უწყობს შეუწყნარებლობის ესკალაციას“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; მედიის განვითარების ფონდი; იდენტობა; ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი; საფარი; უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და ფონდი ალპე.