პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 11 სექტემბერს ბაქოში აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას შეხვდა, განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული პარტნიორობა“ კიდევ უფრო ძლიერდება.
ღარიბაშვილმა, რომელიც თავის აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასი-ზადეს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანის „სანდო პარტნიორია“.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ალიევთან. ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ, ჩვენ შორის არ არსებობს არანაირი კითხვა და ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ – საქართველო და აზერბაიჯანი გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 11 სექტემბერს.
„იცით, რომ ჩვენ მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ. იგეგმება ჩვენი თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სექტორში. ასევე ენერგეტიკის სექტორში ვართ ძალიან მძლავრი პარტნიორები ერთმანეთის. საქართველო არის ძალიან საიმედო პარტნიორი აზერბაიჯანისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ გავამყარეთ ეს ურთიერთობები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
„იგეგმება კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება საქართველოში აზერბაიჯანული კომპანიების მხრიდან. ჩვენ ამ თემებზეც ვისაუბრეთ და თავად პრეზიდენტ ალიევის მოწოდებაც იყო, რომ მეტი ინვესტიცია განხორციელდეს საქართველოში“, – განაცხადა მან.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა აზერბაიჯანიდან 95 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა მაშინ, როცა 2012 წელს ეს მაჩვენებელი 59 მილიონი აშშ დოლარი იყო.
აზერბაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის „ძმური ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს“. „პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიანს და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ რეგიონში“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი 20 სექტემბერს კვლავ ეწვევა ბაქოს, სადაც შაჰ–დენიზის მეორე ფაზის პროექტის ფარგლებში სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების დაწყების ცერემონიას დაესწრება. ეს პროექტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ახალი მილსადენების გაყვანას და საქართველოში ორი ახალი საკომპრესორო სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, რაც მილსადენის საშუალებით ექსპორტირებული გაზის მოცულობას გაასამმაგებს წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. საქართველო-თურქეთის საზღვარზე მილსადენი სხვა ახალ მილსადენებს შეუერთდება, რითიც მოხდება გაზის მიწოდება თურქეთსა და ევროკავშირისთვის.
საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის ცერემონია, რომლითაც 28 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შაჰ–დენიზის მეორე ფაზის პროექტს ჩაეყარა საფუძველი, ბაქოში 17 დეკემბერს გაიმართა. მას ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო, რომლისთვისაც ეს პირველი უცხოური ვიზიტი იყო პრემიერ–მინისტრის რანგში.
აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დასრულებამდე პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი 12 სექტემბერს ბაქოში თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენას ADEX-2014-ს ეწვია.
პრემიერ–მინისტრი აზერბაიჯანში ვიზიტამდე სამი კვირით ადრე, 21 აგვისტოს სომხეთს სტუმრობდა.