თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიესალმებიან ორი ქვეყნის მრავალმხრივ მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნავენ, რომ „რელიგიებს შორის ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის განმტკიცების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ურთიერთობები ღრმავდება რელიგიურ საკითხებთან მიმართებაშიც“.
თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარეს მეჰმედ გორმეზს საქართველოს საპატრიარქო მასპინძლობს თბილისში საპასუხო ვიზიტის ფარგლებში, რაც მაისში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ვიზიტს მოჰყვა თურქეთში. მეჰმედ გორმეზი თბილისში ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს.
ვიზიტის შედეგად თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველომ და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ რელიგიათაშორისი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს.
„გამოითქვა მოსაზრებები ამ ჯგუფის მიერ ჩასატარებელი სამუშაოს შესახებ და იმედი იმისა, რომ ნაყოფიერი საქმიანობის შედეგად მოსახლეობაში (როგორც თურქეთში, ისე საქართველოში) შეიქმნება უფრო სწორი წარმოდგენები რიგ რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით და განვითარდება ჯანსაღ ურთიერთობებზე დამყარებული თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას“, – ნათქვამია თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 13 სექტემბერს გავრცელდა.
განცხადების თანახმად, მხარეებმა დაგმეს ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში „ისლამის სახელით განხორციელებული ძალისმიერი ფაქტები“ და გამოთქვეს ერთობლივი წუხილი „მთელს მსოფლიოში და, განსაკუთრებით, ევროპაში, მზარდი ისლამოფობიის გამო“.
„მხარეებმა განაცხადეს, რომ არც ერთი აღმსარებლობისათვის მისაღები არ არის ძალმომრეობა, ტერორი და ექსტრემიზმი რა მიზეზითა და მიზნითაც არ უნდა იყოს იგი განპირობებული, ხოლო ადამიანებს, რომლებიც ამგვარ ქმედებებს ჩადიან, არავითარი კავშირი არა აქვთ რელიგიასა და რწმენასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველომ და საპატრიარქო გამოთქვეს „სურვილი და მზაობა“ იმისა, რომ „დაწყებული დიალოგი და თანამშრომლობა მომავალში გაგრძელდეს და აქტიური გახდეს“.