მთავრობამ 19 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მოიწონა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებულ რეგულაციებს ამკაცრებს, მათ შორის სისხლის სამართლებრივი სასჯელის გაზრდის კუთხით.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი სიახლეები მას შემდეგ წარადგინა, რაც ორი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იარაღის ტარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების გამკაცრებისკენ მოუწოდა.
შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე ნებართვის მიღება შეეძლება პირს 23 ასაკიდან, ნაცვლად ამჟამად განსაზღვრული 18 წლისა. 21 წლის ზღვარი დადგინდება სპორტული, გაზის და სანადირო იარაღებისთვის.
ამასთან, იარაღზე ლიცენზიის მიღების მსურველი ვალდებული იქნება ჩააბაროს გამოცდა იარაღის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაში; ის ასევე შემოწმდება პიროვნულად ფსიქიკური თავისებურებების მიხედვით.
შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ან ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე დანაშაული იარაღის გამოყენებით ან ძალადობით და ასევე ადმინისტრაციული წესით იყვნენ დასჯილნი წვრილმანი ხულიგნობის, საჭესთან მთვრალ მდგომარეობაში ჯდომის ან პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო, იარაღის კანონიერი შეძენა-შენახვა-ტარების უფლება აღარ ექნებათ. ამასთან, ლიცენზიის მოპოვებას ვერ შეძლებენ ის პირები, რომელთაც ამ დანაშაულებზე ნასამართლეობა აქვთ მოხსნილი.
ამავე პაკეტის ნაწილია სისხლის სამართლის კოდექსში არსებული სანქციების გამკაცრება. კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთ-ერთ სანქციად ამჟამად განსაზღვრული ჯარიმა გაუქმდება, ხოლო 3 წლამდე პატიმრობა 4 წლამდე გაიზრდება.
ამასთან, იარაღის უკანონო ტარება გადავა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში, რადგან ამ დანაშაულისთვის სასჯელი განისაზღვრება 4-დან 6 წლამდე, ნაცვლად ამჟამად მოქმედი 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთისა. ამ შემთხვევაშიც ჯარიმა, როგორც სანქცია, გაუქმდება.
ცვლილებების თანახმად, იარაღი დაშლილ და განმუხტულ მდგომარეობაში უნდა იქნას შენახული და ამ წესის დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობა პარლამენტში მას შემდეგ გაგრძელება, რაც მთავრობა მის ოფიციალურ ინიცირებას მოახდენს.