Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ–იორკში გაემგზავრა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ–იორკში გაეროს შტაბბინაში გაემგზავრა, სადაც 26 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა და მთელ რიგ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

23 სექტემბერს იგი კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტზე გამოვა სიტყვით და შეხვედრებს გამართავს თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, ლატვიის პრეზიდენტთან ანდრის ბერჟინსთან და ლიტვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან, იტყობინება საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.

ასევე დაგეგმილია ღარიბაშვილის შეხვედრები ირანის პრეზიდენტთან ჰასან რუჰანისთან, კანადის პრემიერ-მინისტრთან სტივენ ჰარპერთან, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრინც საუდ ალ ფაიზალთან.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიუ–იორკში ბაქოში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა, სადაც მან 20 სექტემბერს ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რაც შაჰ–დენიზის გაზსადენის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება.