Site icon Civil.ge

აშშ–მ საქართველოს მოქალაქე ტერორისტების სიაში შეიყვანა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 24 სექტემბერს სირიაში მოქმედი საქართველოს მოქალაქე 21 სხვა პირთან ერთად ტერორისტთა სიაში და ამერიკელებს მათთან ნებისმიერი კომერციული ტრანსაქციების განხორციელება აუკრძალა.

28 წლის თარხან ბათირაშვილი, რომელიც ომარ ალ შიშანის სახელითაა ცნობილი და პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან არის, „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი დაჯგუფების (ISIL) ერთ–ერთი მაღალი რანგის სამხედრო მეთაურია.

ბათირაშვილს, რომელიც მისივე ცნობით, სირიაში 2012 წლის მარტში ჩავიდა, მას შემდეგ „მთელი რიგი სამხედრო თანამდებობები ეკავა ისლამურ სახელმწიფოში და მთელ რიგ თავდასხმებს ხელმძღვანელობდა“, განაცხადა აშშ–ის ხაზინის დეპარტამენტმა 24 სექტემბერს.   

„2014 წლის შუა პერიოდისთვის ბათირაშვილი ISIL-ის უფროსი მეთაური და სირიის ალ რაქაში მდებარე „შურას საბჭოს“ წევრი იყო“, – განაცხადა ხაზინის დეპარტამენტმა, „ბათირაშვილი ალ რაქას მახლობლად, ალ–ტაბქაში მდებარე ISIL–ის ციხეს აკონტროლებდა, სადაც ISIL-ს სავარაუდოდ უცხოელი მძევლები ჰყავდა დაკავებული. 2014 წლის შუა პერიოდისთვის ბათირაშვილს ახლო კოორდინაცია ჰქონდა ISIL–ის საფინანსო განყოფილებასთან და მინბიჯში ოპერაციების ბაზა ჰქონდა ტერორისტული ორგანიზაციისთვის“.

არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბათირაშვილი არ არის საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც სირიაში იბრძვის. კახეთის რეგიონის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, პანკისის ხეობიდან სირიაში დაახლოებით 50 პირი იბრძვის. კახეთის საინფორმაციო ცენტრი 25 სექტემბერს სოფელ ომალოს 18 წლის მკვიდრის სირიაში ბრძოლისას გარდაცვალების შესახებ იტყობინება. ამავე სააგენტოს თქმით, ეს ინფორმაცია გარდაცვლილის ნათესავებმა დაადასტურეს.