აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც გასულ კვირას შეუდგა უფლებასილების შესრულებას, 29 სექტემბერს ბესლან ბუთბა სეპარატისტული რეგიონის ახალ პრემიერ–მინისტრად დანიშნა, იტყობინება „აფსნიპრესი“.
54 წლის ბიზნესმენი ბესლან ბუთბა, რომელიც აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის დამფუძნებელი და ლიდერია, სეპარატისტული რეგიონის ერთადერთი კერძო ტელეკომპანიის „აბაზა ტვ“–ს მფლობელია.
მისი პარტია ოთხი ოპოზიციური პარტიისა და შვიდი საზოგადოებრივი მოძრაობისგან შემდგარი ჯგუფის – საკოორდინაციო საბჭოს წევრი იყო, რომელიც აფხაზეთის ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა გადამდგარიყო.
ახლა ბუთბა მთავრობის ახალ წევრებს შეარჩევს და მათ ხაჯიმბას წარუდგენს დასამტკიცებლად.
1 ივნისს ანქვაბის გადადგომის შემდეგ, მის ახლო მოკავშირეს ლეონიდ ლაკერბაიასაც მოუწია პრემიერ–მინისტრის პოსტის დატოვება; მას შემდეგ პრემიერ–მინისტრის მოვალეობებს ფინანსთა მინისტრი ვლადიმერ დელბა ასრულებდა.
ასევე 29 სექტემბერს ხაჯიმბამ ზურაბ მარგანია სეპარატისტული რეგიონის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად დანიშნა. მარგანია მანამდე უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იყო და სანაპირო დაცვას კურირებდა.
მარგანიამ უშიშროების სამსახურის უფროსის პოსტზე ასლან ბჟანია შეცვალა, რომელიც ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი იყო 24 აგვისტოს ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნებზე.