საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ივლისში მშპ-ს ზრდამ 7.2% შეადგინა, იტყობინება სამშაბათს „საქსტატი“ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით.
პირველ რვა თვეში ეკონომიკის ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1%-ი შეადგინა, წინასწარი მონაცემების თანახმად.
მთავრობა 2014 წელს 5%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
იგივე მაჩვენებელს პროგნოზირებს მთავრობა მომავალ წელსაც, რაც, როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 30 სექტემბერს განაცხადა, „კონსერვატიული მიდგომითაა“ დაგეგმილი.
წინასწარი მონაცემებით, მშპ-ის რეალურმა ზრდამ მეორე კვარტალში 5.2% შეადგინა. ვაჭრობის და მრეწველობის წილმა მეორე კვარტალში მშპ–ში 16.9% და 16.2% შეადგინა, შესაბამისად. შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 11%–ით; საჯარო ადმინისტრირება – 10.2%; სოფლის მეურნეობა – 9.2% და მშენებლობა – 7.4%.
წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკის ზრდამ პირველ კვარტალში 7.1% შეადგინა.