Site icon Civil.ge

2015 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი

მთავრობამ პარლამენტს 2015 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომლის შემოსავლებიც 7.93 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო ხარჯები 7.891 მლრდ ლარზეა გათვლილი.

ორივე ეს მაჩვენებელი აღემატება 2014 წლის ბიუჯეტის ანალოგიურ მონაცემებს –  წელს შემოსავლების სახით 7.319 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, ხოლო ხარჯების პროგნოზი 7.539 მლრდ ლარს შეადგენს.

მომავალი წლის ბიუჯეტში მთავრობა საგადასახადო შემოსავლების სახით 7.46 მლრდ ლარის მობილიზებას გეგმავს, რაც 640 მლნ ლარით აღემატება 2014 წელს დაგეგმილ საგადასახადო შემოსავლებს; პროექტის თანახმად, 2015 წელს გრანტების მოცულობა 180 მლნ ლარამდე იზრდება წელს დაგეგმილი 144 მლნ ლარიდან, ხოლო „სხვა შემოსავლები“  290 მლნ ლარამდე იკლებს წლევანდელი 355 მლნ ლარიდან. 

მთავრობა მომავალი წლისთვის „კონსერვატიული მიდგომით“ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მშპ-ს 5%-იანი ზრდაა დაგეგმილი 2014 წელსაც მაშინ, როცა წინასწარი მონაცემებით, პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკის 6.1%-იანი ზრდა ფიქსირდება.

ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, სამინისტროებს შორის თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს პარლამენტი და მასთან არსებული დაწესებულებები, კერძოდ კი ეროვნული ბიბლიოთეკა მილიონი ლარით მეტს მიიღებს და საერთო ჯამში, 60.5 მლნ ლარით დაფინანსდება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსება მომავალ წელს უცვლელი დარჩება და შესაბამისად, 9 მლნ და 5 მლნ ლარს შეადგენს.

თუმცა მომავალ წელს 20 მლნ ლარით გაიზრდება და 70 მლნ ლარს მიაღწევს მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება კვლავაც 20 მლნ ლარი იქნება, ბიუჯეტის პროექტის თანახმად.

ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე გასაცემი ტრასფერების საერთო რაოდენობა მომავალ წელს 850 მლნ ლარამდე გაიზრდება, წელს არსებული 795.9 მლნ ლარიდან. ამ ჯამური ოდენობიდან ყველაზე დიდ დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან დედაქალაქი მიიღებს დაახლოებით 412 მლნ ლარის ოდენობით.

სახალხო დამცველის აპარატი 3.4 მლნ ლარს მიიღებს, რაც 1 მილიონამდე ზრდაა წლევანდელ დაფინანსებასთან შედარებით.

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ასევე გაეზრდება დაფინანსება 40.8 მლნ ლარამდე წელს არსებული 38 მლნ ლარიდან.  

სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს საქართველოს საპატრიარქოს კვლავაც 25 მლნ ლარით დააფინანსებს, პროექტის თანახმად.

თებერვალში შექმნილი რელიგიის საკითხთა სააგენტო, რომელიც დამატებით ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსების საკითხებს კურირებს, მომავალ წელს 4 მლნ ლარს მიიღებს. 

საპარლამენტო განხილვების შედეგად ბიუჯეტის პირველადმა პროექტმა შესაძლოა გარკვეული ცვლილებები განიცადოს მანამ, სანამ მას დეპუტატები წლის ბოლომდე კენჭს უყრიან.