Site icon Civil.ge

ევროკომისრობის კანდიდატი საქართველოს შესახებ

იოჰანეს ჰანმა,  გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრობის კანდიდატმა,  განუცხადა ევროპარლამენტის წევრებს 30 სექტემბერს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მკაფიო მისწრაფებები აქვს, მაგრამ კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი; მან შიდა „დაძაბულობის“ მოხნის საჭიროებასაც გაუსვა ხაზი.

ავსტრიელი იოჰანეს ჰანი, რომელიც ევროკომისიაში რეგიონალური პოლიტიკის საკითხებს კურირებდა, დამტკიცების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე შტეფან ფულეს შეცვლის.

როდესაც მას ევროპარლამენტში გამართული მოსმენის დროს საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივაზე ჰკითხეს, ჰანმა უპასუხა, რომ ევროკავშირი აუცილებლად უნდა დაეხმაროს საქართველოს მასთან დაახლოებაში. მისი თქმით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.

კითხვაზე თუ როგორ აპირებს იმის უზრუნველყოფას, რომ ასოცირების შეთანხმებები და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან შეუფერხებლად, გარეშე ჩარევის გარეშე განხორციელდეს, ჰანმა უპასუხა: „მომავალს ვერ ვიწინასწარმეტყველებ… მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც ყოველთვის, ამ შეთანხმებების შესასრულებლად“.

მოსმენის დროს თავის შესავალ სიტყვაში მან მოკლედ ახსენა აღმოსავლეთ პარტნიორობა და განაცხადა, რომ „ის კარგ ჩარჩოს უზრუნველყოფს“.
 
„მზად ვარ უზრუნველვყო, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა მიიღებენ ყველა იმ მხარდაჭერას, რომელიც მათ სჭირდებათ საკუთარი დემოკრატიული არჩევანის გასაკეთებლად და საჭირო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად“, – განაცხადა ჰანმა.  

მან ასევე აღნიშნა, რომ ის მხარს დაუჭერს ევროკავშირის მომავალ უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის „ევროკავშირის როლის გაძლიერებაში და ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში გაყინული კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობაში“.

გამოეხმაურა რა ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის განცხადებას, ჰანმა გაიმეორა, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება.

„რეალურად, არც ერთი პარტნიორი არ იქნება მთლიანად მზად იმ პერიოდისთვის. მაგრამ ეს არ გულისხმობს ჩვენი საქმიანობის შეჩერებას; პირიქით“, – განაცხადა ჰანმა, „ჩემი როლი გულისხმობს იმ ქვეყნების მომზადებაში დახმარებას, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ და იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილდება“.

მან ასევე  განაცხადა, რომ მისი „პირველი პრიორიტეტი“ იქნება მაქსიმალური ძალისხმევის მიმართვა უკრაინაში არსებული კრიზისის მოგვერებისკენ; მიზანი ისეთი გამოსავლის პოვნა უნდა იყოს, რომელიც პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და თავისუფალ არჩევანს, აღნიშნა მან.

ჰანმა ასევე განაცხადა: „ვფიქრობ, უნდა ვაჩვენოთ ჩვენს რუს კოლეგებს, რომ სამეზობლო პოლიტიკა არ უნდა იქნას ისე აღქმული, რომ თითქოს ის საფრთხეს უქმნის რუსეთს. ვფიქრობ, ის უნდა დავინახოთ, როგორც ურთიერთსასასარგებლო ყველასთვის, თუ ჩვენ შევძლებთ ურთიერთობის გამოსწორებას და ეს უნდა იყოს ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება ნდობას და არა უარყოფით შთაბეჭდილებას და უარყოფით ემოციას; და ვფიქრობ რაღაც წვლილს მეც შევიტან ამაში“.