თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის „ოპტიმისტურადაა“ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მომავალ წელს გაიზრდება 2015 წლის სახელწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვების ფარგლებში.
“ამაზე მქონდა, პირდაპირ გეტყვით, ძალიან შინაარსიანი, საფუძვლიანი საუბარი არა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროსთან, არამედ მთლიანმა მთავრობამ განვიხილეთ ეს საკითხი. მქონდა არაერთი შეხვედრა პრემიერ–მინისტრთან კონკრეტულად ამ თემაზე”, – განაცხადა ალასანიამ 6 ოქტომბერს თავის ლიტველ კოლეგასთან იუზას ოლეკასთან თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.
„მე მაქვს საფუძველი, ვიყო ოპტიმისტურად განწყობილი იმისთვის, რომ თავდაცვის ბიუჯეტის მომატება აუცილებლად გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმის დაკონკრეტება, თუ რა ოდენობის დაფინანსება შეიძლება დაემატოს თავდაცვის უწყებას.
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც პარლამენტს გასულ კვირას წარედგინა, თავდაცვის სამინისტროსთვის 625 მილიონ ლარს ითვალისწინებს, რაც უფრო ნაკლებია, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს სურდა. ივლისის ბოლოს განახლებული მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ალასანიამ განუცხადა დეპუტატებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სურს, რომ მისი ბიუჯეტი მომავალ წელს 11%–ით გაიზარდოს. ბიუჯეტის პირველადი პროექტი სავარაუდოდ შეიცვლება, სანამ ის საბოლოოდ დადგება კენჭისყრაზე პარლამენტში დეკემბრის ბოლოს.
თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2014 წელს თავდაპირველად 660 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა მოგვიანებით ის შემცირდა 615.9 მლნ ლარამდე, რადგან სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ "დელტას" და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსება გადატანილია ეკონომიკის სამინისტროში, ხოლო ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და ცალკე მხარჯავ დაწესებულებად ჩამოყალიბდა. 2013 წელს სამინისტროს დაფინანსება თავიდან დაგეგმილი იყო 660 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა ფაქტობრივად დაიხარჯა 610.4 მლნ ლარი; 2012 წელს უწყების დაფინანსებამ 730.6 მლნ ლარი, ხოლო 2011 წელს 711 მლნ ლარი შეადგინა.
„რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყველა სფერო არის პრიორიტეტული; არ არსებობს სფერო, რომელზეც ჩვენ ვიტყვით, რომ ნაკლებ პრიორიტეტულია, მაგრამ ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა დანარჩენი სფერო რომ განვითარდეს, სჭირდება სტაბილურობა და უსაფრთხოება. ამიტომ, ამის ურთიერთგაგება გვაქვს მთავრობის სხვა წევრებთანაც, ფინანსთა სამინისტროსთანაც და მე ვვარაუდობ, რომ როდესაც პროცესი დასრულდება, თავდაცვის სამინისტროს ექნება ზრდის ტენდენცია; რამდენით ამაზე საუბარი ჯერ ძნელია“, – განაცხადა ალასანიამ.