Site icon Civil.ge

უსუფაშვილი: თბილისი და ერევანი პატივს სცემენ ერთმანეთის საგარეო პოლიტიკურ კურსს

თბილისს და ერევანს „ურთიერთგაგება“ აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ორი ქვეყნის მიერ არჩეულმა განსხვავებულმა საგარეო პოლიტიკურმა კურსმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ორმხრივ თანამშრომლობაზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავისი სომეხი კოლეგის გალუსტ საჰაკიანის საქართველოში ვიზიტის დროს.

საქართველო–სომხეთის საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც თბილისში 8 ოქტომბერს გაიმართა, უსუფაშვილმა თავის შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას „საუკუნოვანი ტრადიციები“ აქვს, მაგრამ ასევე საჭიროებს „კიდევ უფრო დახვეწას, გაუმჯობესებას და გამრავალფეროვნებას“.

„საქართველომ რამდენიმე თვის წინ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ხოლო სომხეთი რამდენიმე დღეში აპირებს შეურთდეს ევრაზიის კავშირს და ასე უზრუნველყოს საკუთარი სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების დაცვა და განხორციელება. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ორივე ქვეყანა პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენულ არჩევანს… მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო ჩვენი სომეხი კოლეგები, რომ საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან სულ უფრო და უფრო მზარდი სიახლოვე და ევროპული ინტეგრაცია არავითარ შემთხვევაში და არაფერში არ აისახება ნეგატიურად ჩვენს მოძმე სომეხ ხალხთან ურთიერთობაში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვენ წარმოგვიდგენია, როგორც მეზობელი სომხეთისთვისაც ხელსაყრელი ვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი [სომეხი] კოლეგები სწორედ ასეთი მიდგომებით იხელმძღვანელებენ ევრაზიულ გაერთიანებაში და ამ გაერთიანების პარტნიორებისთვის ჩვენი სომეხი კოლეგებისგანაც იქნება ძალიან მკაფიოდ განმარტებული, რომ მომავალში არანაირი პრობლემა, არანაირი გართულება, არანაირი დაბრკოლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, მათ შორის სავაჭრო-ბიზნეს ურთიერთობას ამ მოვლენის  გამო არ შეექმნება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ეს არის ორივე ქვეყნისთვის სასიცოცხლო სტრატეგიული საკითხი და ჩვენ ამაში გვაქვს სრული ურთიერთგაგება“, – დასძინა მან.

თავის შესავალ სიტყვაში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ გალუსტ საჰაკიანმა, რომელიც საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა, ძირითადად ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თავისი ქართველი კოლეგა წლის ბოლოსთვის სომხეთში მიიწვია. უსუფაშვილმა უპასუხა: „წლის ბოლომდე თუ არა, მომავალი წლის დასაწყისშივე აუცილებლად გესტუმრებით სომხეთში“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)