ენერგო სექტორის განვითარებას და საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის „რაციონალურ“ გამოყენებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის ზრდისთვის, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 87 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე.
სამცხე–ჯავახეთის რეგიონში მდებარე ფარავანჰესს, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული უმსხვილესი ჰიდროენერგეტიკული პროექტია, 14 კილომეტრი სიგრძის სადერევაციო გვირაბი აქვს, რომლთაც წყალი მიეწოდება ჰესს, რომელიც საქართველოს ელექტროსისტემას 35 კილომეტრი სიგრძის 220–კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზით უკავშირდება.
ჰიდროელექტროსადგურის მმართველი და მფლობელია კომპანია „ჯორჯიან ურბან ენერჯი“, რომლის აქციების 90%–ის მფლობელიც თურქული კონგლომერატი „ანადოლუ ჯგუფია“, ხოლო 10%–ი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) საკუთრებაა. EBRD-მა 2011 წელს პროექტისთვის 52 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, რაც მისი პირველი ინვესტიცია იყო საქართველოს განახლებადი ენერგიის სფეროში. 40.5 მილიონი აშშ დოლარი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), ხოლო 23 მილიონი აშშ დოლარი კომერციულმა ბანკებმა გამოყვეს. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, პროექტში სულ, დაახლოებით, 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ჰიდროელექტროსადგური ქართულ ბაზარს ელექტროენერგიით ზამთრის პერიოდში მოამარაგებს, ხოლო დანარჩენი ცხრა თვის განმავლობაში ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთის ბაზარზე მოხდება.
„ეს ობიექტი შეიძლება საეტაპო პროექტად მივიჩნიოთ, რადგანაც ის არის პირველი ფართომასშტაბიანი პროექტი საქართველოში განახლებადი ენერგიის გენერაციის სფეროში. თან მას მასშტაბური მნიშვნელობა აქვს, რადგან მისგან სარგებელს ორივე მოსაზღვრე ქვეყანა მიიღებს“, – განაცხადა EBRD–ის დირექტორმა კავკასიის, მოლდოვას და ბელარუსის საკითხებში ბრუნო ბალვანერამ.
ჰესის გახსნის ცერემონიაზე საუბრისას, რომელსაც ასევე ესწრებოდა თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პროექტი „წარმატებით განხორციელდა ჩვენს თურქ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად“.
„ფარავნის ჰიდროელექტროსადგური არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის. ფარავანჰესი არის საქართველოს და თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სავარაუდოდ გამოეხმაურა რა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების შეშფოთებას ფართომასშტაბიანი ჰიდროენერგეტიკული პროექტების მიმართ, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია ქვეყნის მდიდარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი „რაციონალურად“ გამოიყენოს.
„მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადო, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს საქართველოს მთავრობა ეფუძნება კვალიფიციურ ანალიზს და ჩვენ ისე განვავითარებთ ჩვენს ენერგოსისტემას, რომ არ გაჩნდეს არც ერთი კითხვის ნიშანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, 11 ოქტომბერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ორ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი თურქულ კომპანიებთან Çalık Enerji და Ahlatcı Group–თან დასავლეთ საქართველოში რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე.
Çalık Enerji –სთან შეთანხმება ითვალისწინებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის – „ალპანა“ და „სადმელი“ – მშენებლობას. ჰიდროელექტროსადგურების კასკადის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულბა 485 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. „ალპანას“ სავარაუდო დადგმული სიმძლავრე – 70,6 მგვტ, ხოლო „სადმელის“ – 153 მგვტ იქნება.
კომპანია Ahlatcı Group–თან შეთანხმება ითვალისწინებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მდინარე დოლრაზე 30 მეგავატი სიმძლავრის „დოლრა 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რომლის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 41.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)