პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მართალია ამას გამოძიებით დადასტურება სჭირდება, მაგრამ მას აქვს „გონივრული ეჭვი“, რომ ადამიანის გატაცების შსს-ის მიერ გახსნილი საქმის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას და გააფრთხილა, რომ ისინი „ძალიან მკაცრად იქნებიან დასჯილნი“, თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ „რაიმეს გეგმავენ“.
13 ოქტომბერს საღამოს შსს-მ განაცხადა, რომ ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა, საიდანაც ორი ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა (კუდი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) თანამშრომლები არიან. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა 10 ოქტომბერს რამინ გიორხელიძის სახლში მოტყუებით შეაღწიეს, იარაღის მუქარით გაიტაცეს მისი შვილი იოსებ გიორხელიძე და ფულის გამოძალვის მიზნით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 დოლარი მოთხოვეს რამინ გიორხელიძეს, რომელმაც თავის მხრივ დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, შსს-ის ინფორმაციით, გატაცებული გაათავისუფლეს, ოთხი პირი დააკავეს და ასევე ამოიღეს 300 ათას აშშ დოლარამდე თანხა, იარაღები და ნიღბები.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს „ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე“ შესრულებული ამ ოპერაციის გამო, რომელსაც მისი ინფორმაციით, მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეს ხელმძღვანელობდა.
„ეს არის პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის სახე და ხელწერა“, – განუცხადა ღარიბაშვილმა 13 ოქტომბერს საღამოს, საქმის გასაჯაროებიდან ცოტა ხანში ჟურნალისტებს ფილარმონიაში, სადაც კრის ბოტის კონცერტს დაესწრო.
„ეს ადამიანები, ეს კრიმინალები მუშაობდნენ სოდ-ში და კუდ-ში, რომლებიც მე გავყარე, როცა დავინიშნე ორი წლის წინ [შინაგან საქმეთა მინისტრად]“, – განაგრძო მან, „მე მინდა შევახსენო მოსახლეობას, თუ ვის ხელში იყო საქართველო. აი სწორედ ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელების და ყაჩაღების ხელში იყო მთელი სამინისტრო და ესენი მართავდნენ სახელმწიფოს“.
„ეს, რა თქმა უნდა, გასარკვევი არის და მე ვიცი, რომ მინისტრი და სამინისტრო მუშაობს ამის თაობაზე, თუ ვინ დგას ამის უკან. ეს შემთხვევითი არ არის. მე ძალიან გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს არის პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შემდეგ მან გაიხსენა ერთი თვის წინ მინისტრ ჭიკაიძის მიერ საგაზეთო ინტერვიუში გაკეთებული განცხადება, რომ ნაციონალური მოძრაობა, მისი ლიდერი ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მათთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციები „ქაოსის შექმნას“ აპირებენ, მათ შორის აგრესიული საპროტესტო აქციების მოწყობით და ისეთი თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, დევნილთა პრობლემები. ჭიკაიძემ, რომელმაც მსგავსი განცხადება აპრილშიც გააკეთა, ასევე განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შესაძლო შეთქმულების მომზადების თაობაზე.
ღარიბაშვილის თქმით, ის აქციები, რომლებიც ბოლო დროს იმართებოდა ფოთში დევნილთა ერთი ჯგუფის მიერ ბინების არასამართლიანად განაწილების გაპროტესტების მოტივით და ასევე თბილისის ზღვის დასახლებაში ორი დღის წინ გამართული საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლებიდან შესაძლო გამოსახლებას აპროტესტებდნენ, არის „ორგანიზებული“ და „ის, რაზეც ისაუბრა ბატონმა ჭიკაიძემ“.
მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, რომ ყველა ის პრობლემა მოეგვარებინა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას „ძალიან მძიმე მემკვიდრეობად“ დაუტოვა.
„მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ეს ადამიანები, ვინც დგას ამათ უკან და ვის ბინძურ თავშიც იხარშება მთელი ეს სისასტიკე და რომელიც იგეგმებოდა წლების განმავლობაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ხურჩის ტერაქტი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს პოლიციაში, ციხეებში და ა.შ., რომლებიც ადამიანებს იტაცებდნენ და კლავდნენ. მე მინდა მათ კიდევ ერთხელ შევახსენო და საბოლოო გაფრთხილება მივცე – ისინი გონს მოეგონ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ეს არის მათი ბოლო გაფრთხილება“, – განაგრძო მან, „თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ რაიმეს დაგეგმავენ, ძალიან მკაცრად იქნებიან დასჯილი – უმკაცრესად იქნება ყველა ადამიანი დასჯილი, ვინც მსგავს პროვოკაციას და მსგავს სიბინძურეს გააკეთებს“.
ნაციონალურმა მოძრაობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა პრემიერ-მინისტრის განცხადებებს „ზნედაცემული ტყუილი“ უწოდა, რომელიც „მიუთითებს, რომ მთავრობამ მთლიანად დაკარგა კონტროლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს დამღუპველი პრაქტიკა საზოგადოების გახლეჩის და დაპირისპირების“, – განაცხადა წიკლაურმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)