Site icon Civil.ge

ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების მთავარსარდალი თბილისს სტუმრობს

ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი ფილიპ ბრიდლავი 21 ოქტომბერს საქართველოს ეწვია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრორმაციით, გენერალ ბრიდლავს ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შეხვდებიან.

გენერალ ბრიდლავის ვიზიტს წინ უძღოდა 20 ოქტომბერს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში, სადაც ალიანსის უელსის სამიტზე საქართველოსთვის შემოთავაზებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაცის გეგმა განიხილეს.

„ნატომ ქართული მხარის მიერ შეთავაზებული გეგმა მოიწონა და სრული მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად ჩაერთოს არსებითი პაკეტის დროულად და ეფექტურად განხორციელებაში“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

ამასთან, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში ასევე განიხილეს რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის დაგეგმილი ახალი ხელშეკრულება, რომელიც „მნიშვნელოვნად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, იტყობინება საქართველოს თავდაცვის უწყება.