Site icon Civil.ge

ფილიპ ბრიდლავი: ‘საქართველოსთან პარტნიორობა ძალიან მყარია’

ნატოს მიერ საქართველოსთვის უელსის სამიტზე შემოთავაზებული გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის განხორციელება განიხილეს ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა და  საქართველოს ხელმძღვანელობამ 22 ოქტომბერს თბილისში გამართულ შეხვედრებზე.

ფიპილ ბრიდლავი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეხვდა და შემდეგ მოლაპარაკებები პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა სხვა ოფიციალური პირების, მათ შორის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების მონაწილეობით.

„პარტნიორობა, რომელიც საქართველოს ნატოსთან აქვს, ძალიან მყარი რჩება“, – განაცხადა გენერალმა ბრიდლავმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ალასანიამ  შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროულად განხორციელდეს საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბება. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დავგეგმავთ რეგულარულ სამხედრო წვრთნებს ნატოსთან ერთად საქართველოში. განვიხილეთ რეგიონალური საფრთხეები, განსაკუთრებით მას მერე, რაც დაიწყო უკრაინაში აგრესიული ბრძოლები რუსეთის ფედერაციამ. გავაკეთეთ ანალიზი რა პროცესები მიმდინარეობს ერაყსა და სირიაში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გააგრძელებს ნატო და საქართველო ერთობლივი ძალისხმევით ამ საფრთხეებთან გამკლავებას“. 

გენერალმა ბრიდლავმა განაცხადა, რომ ნატოს უელსის სამიტზე შეთანხმებული „არსებითი პაკეტი“ საქართველოს „დაეხმარება, წინ წაიწიოს ნატოში გაწევრიანების გზაზე“. მისი თქმით, არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები მოიცავს  თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მისიის ჩამოყალიბებას, კერძოდ კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და საქართველოს დახმარებას, რათა გააგრძელოს რეფორმები და მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების მოდერნიზაცია. მისი თქმით, პაკეტი ასევე დაეხმარება თბილისს, რომ ნატოსთან თავსებადობა გაზარდოს „საქართველოში ნატოს სამხედრო წვრთნებში საქართველოს უფრო აქტიური მონაწილეობით“.

ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა მიმდინარე კვირას ნატოს შტაბბინაში არსებითი პაკეტის განხორციელების გეგმა წარადგინა. მისი თქმით, ეს გეგმა, რომელიც ასევე ითვალისწინებს  ნატო–საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნას, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, სავარაუდოდ, დეკემბერში წარედგინებათ, ხოლო გეგმის საბოლოო დამტკიცება  ნატოს თავდაცვის მინისტრების შეკრებაზეა მოსალოდნელი 2015 წლის თებერვალში. ალასანიამ განაცხადა, რომ საწვრთნელ ცენტრთან დაკავშირებით ნატოს შემფასებელი მისია ჩამოვა, რათა საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა შეისწავლოს.

გენერალმა ბრიდლავმა განაცხადა, რომ საწვრთნელი ცენტრის საკითხი „სამუშაო დონეზე“ იქნა განხილული.

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თავის გახსნით სიტყვაში გენერალმა ბრიდლავმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„ქართველებს ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, რომ ევროპაში ძალიან რთული დრო დგას, რადგანაც რუსეთი ისევ შევიდა სუვერენულ სახელმწიფოში, მისი ნაწილის უკანონო ანექსია განახორციელა და თავისი ნების თავზე მოსახვევად სამხედრო ძალა გამოიყენა“, – განაცხადა მან.

„ნატო კარგად აცნობიერებს ამ მუდმივ საფრთხეს და ახორციელებს ქმედებებს, რათა უზრუნველყოს, რომ ნატოს წევრებმა შეძლონ სწრაფი რეაგირება ამგვარ საფრთხეებზე მომავალში“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)