Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნაციონალური მოძრაობა 15 ნოემბრის აქციაზე ‘პროვოკაციებს’ გეგმავს

პრემიერ-მინისტრმა და მმართველი კოალიციის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბერს თბილისის ცენტრში დაგეგმილ აქციას „სასაცილო“ უწოდა, რომელზეც მისი თქმით, ამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „გარკვეულ პროვოკაციებს“ გეგმავენ.

„დაანონსებული აქცია სჭირდებათ იმისათვის, რომ პროვოკაციები მოიფიქრონ ანუ აპირებენ, რომ 15 ლარი გადაუხადონ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რეგიონებიდან, სოფლებიდან ჩამოიყვანონ და შემდეგ ერთმანეთი აცემინონ. აი ეს არის ნაციონალური მოძრაობა“, – განუცხადა ღარიბაშვილმა 29 ნოემბერს ჟურნალისტებს.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ 15 ნოემბერს აქციას იმის გასაპროტესტებლად აწყობს, რომ საქართველოს მთავრობა „არაფერს აკეთებს“, რათა დაუპირისპირდეს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის „ანექსიის“ მცდელობას.

„რეალურად მათ რომ აფხაზეთზე, ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენს მოქალაქეებზე გული არ შესტკივათ, ეს მე მგონი, ახალი ამბავი არ არის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა თავის კომენტარში „ვიღაც მოღალატეებად“ მოიხსენია.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს მათი დამსახურება არის, რომ აფხაზეთი და ოსეთი არის დღეს ოკუპირებული, 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ; ამას გარდა კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი დავკარგეთ და 25 ათასი დევნილი მივიღეთ მათი პოლიტიკის შედეგად“, – განაცხადა მან, „რასთან დაკავშირებით უნდა მოაწყონ აქცია? აქცია თავის თავს უნდა მოუწყონ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)