Site icon Civil.ge

ალასანიას თქმით, ის ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და მმართველი კოალიციიდან გასულმა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარასკევს განაცხადა, რომ ის 6 ნოემბერს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. 

„გუშინ საღამოს ორმხრივი შეთანხმებით შედგა შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან. ჩვენ გავცვალეთ ხედვები იმ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო“, – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.

„ერთი, რაზეც თანხმობა შედგა, იყო ის, რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური პროცესი უნდა წავიყვანოთ ისეთ ფარგლებში, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო. აი, ეს იყო ძირითადად ჩვენი საუბრის შინაარსი“, – აღნიშნა მან.

„ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ჩვენს შორის დარჩება, ბუნებრივია“, – განაცხადა ალასანიამ თბილისის პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან დაგეგმილი, როგორც მან თქვა, „კონსულტაციების“ დაწყებამდე.

ალასანიასა და ივანიშვილის ხანმოკლე შეხვედრა 5 ნოემბერს ქართული ოცნების ოფისშიც შედგა, სადაც კოალიციის პოლიტსაბჭოს ასევე ესწრებოდა ყოფილი პრემიერი. ეს შეხვედრა ალასანიამ დაწყებიდან ძალიან მალე დატოვა, გამოაცხადა რა კოალიციიდან მისი პარტიის გასვლის თაობაზე. მაშინ ალასანიამ ასევე განაცხადა:  „ჩვენ სასაუბროდ არ მოვსულვართ ბიძინა ივანიშვილთან“.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხი აანონსებს, რომ შაბათს მთავარ საინფორმაციო გადაცემაში პირდაპირ ეთერში უმასპინძლებს ბიძინა ივანიშვილს, მმართველი „კოალიციის შექმნის ავტორს“, რომელიც „დუმილს არღვევს“.