Site icon Civil.ge

ალასანიამ მომავალი გამარჯვების სამიზნედ 2016 წლის არჩევნები დაასახელა



თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია სიტყვით გამოდის "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე , სადაც ის 8 ნოემბერს პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ოპოზიციური პარტიის რანგში 8 ნოემბერს გამართულ ყრილობაზე „თავისუფალმა დემოკრატებმა“, რომლებმაც ქართული ოცნების მმართველი კოალიცია სამი დღის წინ დატოვეს, თავმჯდომარედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აირჩიეს, რომელმაც მისი პარტიის მომავალი გამარჯვების სამიზნედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დაასახელა.

„დღეიდან ჩვენ ახალ პოლიტიკურ სივრცეში გადავდივართ“,  – განაცხადა ალასანიამ არჩევის შემდეგ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. „თავისუფალმა დემოკატებმა, როგორც ოპოზიციურმა ძალამ, არ უნდა მისცეს მოსვენება არც ხელისუფლებას და სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც გადაუხვევენ საკუთარი ხალხის სამსახურისგან, მაგრამ ასევე ვიქნებით სრულად მხარდამჭერები ყველასი – ხელისუფლებაში თუ მის გარეთ, ვინც უერთგულებს საზოგადოებას და ჩვენ ქვეყანას წაიყვანს იმ მიმართულებით, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს დემოკრატიული, თავისუფალი, დაცული სახელმწიფოს აშენებამდე“.

„მე გპირდებით, რომ თქვენთან ერთად მოვივლით მთელს საქართველოს  – ყველა ოჯახს, ყველა რეგიონს, ყველა რაიონს და მათთან საუბრების შედეგად, ჩვენ შევქმნით ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმას, რომელსაც მოვარგებთ ყველა რეგიონის სპეციფიკას; ჩვენ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივებით შევალთ პარლამენტში, რომელიც აღარასოდეს აღარ დაუშვებს, რომ პოლიტიკა მართოს უშიშროებამ და არა თვითმმართველმა სტრუქტურებმა და ხელისუფლებამ, რომელიც მოსულია დემოკრატიული არჩევნებით“, – განაცხადა მან. 

„ჩვენ ვიქნებით ლობისტები მასწავლებლების, მეცნიერების,  ჩვენ ვიქნებით ლობისტები ბიზნესმენების, ჩვენ ვიქნებით ლობისტები არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც იცავენ ამ ღირებულებებს და მე მინდა გავხსნა დღეს სივრცე თქვენთან ერთად ამ თანამშრომლობისთვის, ვისაც გულწრფელად სჯერა და დაიცავს ჩვენს მიერ აღიარებულ ამ ღირებულებებს“,  – აღნიშნა ალასანიამ.

მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, როცა საზოგადოებამ და ქართული ოცნების კოალიციამ დაამარცხდა „არადემოკრატიული რეჟიმი“, გააჩინა შესაძლებლობები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „დღეს ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა, რომ დემოკრატიამ იზეიმა და რომ სახელმწიფო და მმართველი პარტია გაყოფილია“. 

„სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ის იდეალები, რისთვისაც 2012 წელს საზოგადოებამ ნდობა გამოგვიცხადა, არავითარ შემთხვევაში არ შეტრიალდეს, არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვიოთ ამ გზას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, „თავისუფალ დემოკრატებს“ მიეცათ შანსი, რომ საქართველო „ჭეშმარიტად დამოუკიდებელი გახდეს“, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ შეძლოს „ინტერესების ჩვენივე ხელით, ჩვენივე სახელმწიფო ინსტიტუტებით დაცვა“.

„პირველი და მთავარი თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის არის, რომ თითოეული მოქალაქე  პიროვნულად თავისუფალი იყოს, რომ მისი უფლებები იყოს გარანტირებული, რომ ყველაფერი, მთელი სისტემა სახელმწიფოსი დაფუძნებული იყოს სამართლიან კანონზე და მის ნებაზე და არა ერთი კაცის ნებაზე. ამ ყველაფერს ჩვენ ერთობით, მხოლოდ ერთმანეთის გვერდით დგომით და რაც მთავარია, პატივისცემით გავაკეთებთ“, – განაცხადა ალასანიამ თავის გამოსვლაში.

მან ასევე განაცხადა, რომ  „ზიზღი, დაძაბულობა, უპატივცემულობა და შურისძიება ჩვენ პოლიტიკიდან უნდა გავუშვათ“ და „არასდროს არ უნდა ავიღოთ [პოლიტიკური ბრძოლის] იარაღად“.  

პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებელი წევრი იყო, კოალიცია მას შემდეგ დატოვა, რაც ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული. ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოყვა მის რეაქციას თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ გამოძიებებსა და მისი თანამშრომლების დაკავების თაობაზე.  ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფმა ირაკლი ალასანიამ ამ დაკავებებს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს იყო „შეტევა საქართველოს ევრო–ატლანტიკურ არჩევანზე“.

ამჟამად კოალიციაში დარჩენილი ხუთი პარტიიდან – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელიც ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა და რომლის თავმჯდომარეც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია; რესპუბლიკური პარტია; ეროვნული ფორუმი; კონსერვატორები და მრეწველები – „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობას მხოლოდ რესპუბლიკელები ესწრებოდნენ.

ალასანია რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, რომელიც ასევე გამოვიდა ყრილობაზე სიტყვით,  მიესალმა და განაცხადა, რომ მათი „თანადგომა“ და „ქვეყნის სასიკეთოდ“ მათთან „ერთად საქმის კეთება არის პატივი“. 

მან ასევე მადლობა გადაუხადა განურჩევლად „ყველას“ მმართველ კოალიციაში და განაცხადა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ მადლიერი უნდა ვიყოთ იმ ორი წლის, რომელიც გავატარეთ ჩვენს კოალიციასთან ერთად“.

„ეს იყო მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი საქმიანობა, რომელმაც დადო შედეგი ჩვენი მონაწილეობით და შედეგი არის ის, რომ ჩვენ შეუქცევადად შევედით ევროპაში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მან, „შედეგი არის ის, რომ ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა დღეიდან არის  მტკიცე და ის პაკეტი, რომელიც საქართველოს მიეცა ნატოს მხრიდან, იქნება გარანტი არა იმისი, რომ გავხდეთ ნატოს წევრი –  და ნატო თავისთავად ჩვენთვის არ წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას – არამედ იმის, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა დამოუკიდებლობა დავიცვათ“.  

„და როდესაც დავინახეთ, რომ აქ შეიძლება საფრთხე შეექმნას საქართველოს, როდესაც დავინახეთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე მოხდა ჩრდილის მიყენება, მაშინ ჩვენ ვთქვით ხმამაღლა, რომ ამას არ დავუშვებთ“, – განაგრძო მან, „იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობებისთვის  ისეთი საქართველო, სადაც ის იქნება დაცული, სახელმწიფო იქნება კანონებით მართული და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა გახდება  ისეთი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი, როდესაც პიროვნება, მისი განვითარება იქნება ცენტრი სახელმწიფოს მოღვაწეობის“.

მისი თქმით, საქართველოსთვის „დაუძინებელი მტერია“ რუსეთის „იმპერიული ფუნდამენტალიზმი“, რისი მსხვეპლიც ქვეყანა 90-იანი წლების დასაწყისში შეირაღებული კონფლიქტების დროს და ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გახდა, როცა „მათი მხრიდან აგრესიამ დაგვაკარგვინა ტერიტორიები უამრავი ჩვენი თანამებრძოლის და მოქალაქის სიცოცხლესთან ერთად“.

„დღეს უკრაინაში ისევე აგრძელებს რუსეთი საკუთარი იმპერიული ფუნდამენტალისტური იდეების და გეგმების განხორციელებას. ამას საქართველო მარტო ვერ აღუდგება წინ, ამას საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანს, თუ შეიკრა საზოგადოება და რაც მთავარია, ჩვენი მეგობრები, დასავლეთის განვითარებული ქვეყნები გვერდში დაგვიდგებიან. ასეთი თანადგომის იმედი მე მაქვს“, – განაცხადა ალასანიამ ყრილობაზე, რომელსაც  ასევე ესწრებოდნენ საქართველოში უცხოური დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

„ჩვენ იმიტომ მივდივართ ევროპაში, ჩვენ იმიტომ მივდივართ ნატოსკენ, რომ ამ ქვეყნებში არის ძლიერი ტრადიცია ბრძოლისუნარიანი ლიბერალიზმის, ტრადიცია იმისი, რომ თავისუფლება იყოს შეიარაღებული და დაცული. ეს გვჭირდება ჩვენ. ჩვენ გვჭირდება სიმტკიცით გავაგრძელოთ გზა ამ ღირებულებების საერთო დაცვისკენ“, – განაცხადა მან.

„დამოუკიდებლობის შენარჩუნება არის უმთავრესი ამოცანა იმ ვითარებაში, რაც ჩვენ ირგვლივ და ჩვენ რეგიონში ხდება.  ამ დიდ გამოწვევას, მე დიდი იმედი მაქვს ერთად, შეურიგებლად გადავიტანთ და მომავალ არჩევნებში, 2016 წელს ხალხთან ერთად „თავისუფალი დემოკრატები“ ვიზეიმებთ გამარჯვებას.“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.   

ყრილობაზე სიტყვით გამოსვლაში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა, რომელმაც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი ალასანიას გადაყენების შემდეგ დატოვა,  აღნიშნა მისი თანაგუნდელების „გადამწყვეტი როლი“ ევროკაშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ „წარმატებაში“ და განაცხადა: „გადამწყვეტ გოლს  ჩვენი მთავარი გარე მტრის კარში „თავისუფალი დემოკრატები“ გავიტანთ, საგოლე პასის ავტორები აქ სხედან“.

„დღეს კი ჩვენ, უკვე ოპოზიციური პარტია, ვიწვეთ ხელისუფლებას პაექრობაში, რომლის ბოლო ნამდვილად კეთილია. ძვირფასო ხელისუფლება მოედანი თქვენია, მთავარი მსაჯიც სავარაუდოდ, მაგრამ ბურთი მრგვალია. გპირდებით, რომ ჩვენ დავიცავთ თამაშის წესებს და ამის პირობას ჩვენ გაძლევთ, მაგრამ ჩვენც იგივეს მოვითხოვთ თქვენგან“, – მიმართა პეტრიაშვილმა ყოფილ მოკავშირეებს კოალიციაში.

„თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე, რომელიც საქართველოს ჰიმნით გაიხსნა და  ევროკავშირის ჰიმნით დაიხურა, პარტიის გამგეობის წევრები დაამტკიცეს, რომელთა შორისაც ასევე მოხვდნენ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე და დეპუტატი შალვა შავგულიძე – ორივე მათგანმა ქართული ოცნების პარტია დატოვა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)