Site icon Civil.ge

თბილისში დანიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგარდმა განაცხადა 11 ნოემბერს თბილისში თავის ქართველ კოლეგასთან, თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ დანიას საქართველოს „პარტნიორობა“ სურს.

ეს ლიდეგარდის მეორე ვიზიტია საქართველოში წელს, რაც, მისი თქმით, წარმოაჩენს მისი ქვეყნის სურვილს, დაეხმაროს საქართველოს, რათა მან სრულად აითვისოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება. მისი თქმით, დანია შეთანხმების რატიფიცირებას „რამდენიმე თვეში“ გეგმავს.  

„ერთია ხელი მოაწერო შეთანხმებას და მეორე, განახორციელო ის და ეს სულაც არ არის დამთხვევა, რომ ჩემს მეორე ვიზიტს საქართველოში სულ რაღაც შვიდი თვის თავზე ვახორციელებ. ჩვენ, დანიის მხარემ გადავწყვიტეთ, რომ გვინდა თქვენი ქვეყნის პარტნიორი ვიყოთ, გვინდა, რომ დაგეხმაროთ, რათა შეძლოთ, რომ განახორციელოთ და გამოიყენოთ ევროკავშირთან ახალი თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობა“, – განაცხადა ლიდეგარდმა, რომელიც თბილისში უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ჩამოვიდა.    

„ჩვენ მივუთითეთ, როგორც ამას კარგ მეგობრებთან ვაკეთებთ ხოლმე, როცა გვაშფოთებს კანონის უზენაესობასა და პოლიტიკური ლიდერების სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ჩვენი აზრით, დამოუკიდებლად და  სამართლიანად უნდა წარიმართოს“, – დასძინა მან.

მან თავის Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოში, რომელსაც მან დანიის სამეზობლო სტრატეგიის პრიორიტეტული ქვეყანა უწოდა, „დემოკრატიის კონსოლიდაციამ“ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა აწუხებს ის, რომ სამართლებრივი დევნა არ არის გამჭირვალე და აღნიშნა, რომ ეს პროცესი პოლიტიკური მოტივებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისში ასევე განიხილა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის „უზარმაზარი პოტენციალი . 11 ნოემბერს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. 

11 ნოემბერს საქართველოსა და დანიას შორის ასევე გაფორმდა  რეადმისიის შესახებ შეთანხმება. როდესაც საქართველომ 2010 წელს ხელი მოაწერა ვიზების გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებებს ევროკავშირთან, დანია ამ შეთანხმებების მონაწილე არ იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ის დაარწმუნა მისმა დანიელმა კოლეგამ, რომ „შემდეგი ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ მოვამზადებთ და იმედი მაქვს წარმატებით მალე დავასრულებთ, ეს იქნება ვიზების გამარტივების ხელშეკრულება დანიასთან“.

11 ნოემბერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ლიდეგარდი ასევე შეხვდება ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს; 12 ნოემბერს ის სიტყვით გამოვა კონფერენციაზე, რომელიც ენერგო უსაფრთხოების გაზრდის გზებს ეძღვნება.

ბერუჩაშვილისთვის ეს პირველი შეხვედრა იყო თავის უცხოელ კოლეგასთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში – ეს პოსტი მან 11 ნოემბერს შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე დაიკავა.

„ჩემი ამოცანა იქნება მეტი ევროპა საქართველოში, მეტი საქართველო ევროპაში და ასევე მეტი ნატო საქართველოში იმიტომ, რომ ნატოში უკვე ძალიან დიდია დღეს საქართველოს კონტრიბუცია“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა თავის დანიელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

მისი თქმით, ასევე იქნა განხილული საქართველოს „ოკუპირებულ“ რეგიონებში არსებული ვითარება.

„ჩვენ განვიხილეთ ის გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმებასთან და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებთან. ასეთ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ყველა პარტნიორის, მათ შორის დანიის მხარდაჭერის გაძლიერებას, რათა რუსეთმა მიიღოს მკაფიო სიგნალი და მკაცრი გზავნილები, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალური პრინციპების დაცვა აუცილებელია“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.